პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრიი ერმაკს მასშტაბური კორუფციული გამოძიების ფარგლებში ბრალი წარედგინა – ნათქვამია სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის განცხადებაში.
ერმაკის მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა 100 მილიონი დოლარის ღირებულების კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფო ბირთვულ მონოპოლისტ „ენერგოატომს“ უკავშირდება.
„ენერგოატომის“ საქმე, რომელიც გასულ წელს დაიწყო, ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე მსხვილი კორუფციული გამოძიებაა. მანამდე, „ენერგოატომის“ საქმეზე ბრალი ცხრა ეჭვმიტანილს წარედგინა, მათ შორის არიან ზელენსკის ახლო გარემოცვის წევრი ტიმურ მინდიჩი, ყოფილი ვიცე-პრემიერი ოლექსი ჩერნიშოვი და ენერგეტიკისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო.
სამართალდამცავ ორგანოებში არსებულმა წყარომ Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ „ენერგოატომის“ საქმის ფიგურანტებმა, სავარაუდოდ, ჩერნიშოვს ფული კიევის მახლობლად მდიდრული სახლების ასაშენებლად გადაუხადეს. წყაროსვე ცნობით, კიევთან მდებარე ერთ-ერთი ასეთი ფეშენებელური სახლი, რომელიც „ენერგოატომის“ კორუფციული სქემით დაფინანსდა, სწორედ ერმაკისთვის იყო განკუთვნილი.
