უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილმა პრესმდივანმა იულია მენდელმა განაცხადა, რომ ზელენსკი 2022 წელს ომის შესაჩერებლად მზად იყო დონბასიდან უკრაინული ჯარი გაეყვანა.
„მე ვესაუბრე ადამიანებს, რომლებიც უკრაინას 2022 წლის სტამბოლის მოლაპარაკებებზე წარმოადგენდნენ. მათ დაწვრილებით ამიხსნეს, რომ ისინი ყველაფერზე თანახმა იყვნენ. უფრო მეტიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ მითხრეს, რომ ზელენსკი დონბასიდან გამოსვლას პირადად დათანხმდა“, – განაცხადა მენდელმა ამერიკელ ჟურნალისტთან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში.
მისი განმარტებით, ზელენსკი მზად იყო ასეთ ნაბიჯზე წასულიყო, რათა ომი გაეჩერებინა. როგორც მენდელმა აღნიშნა, 2022 წლის აპრილში სტამბოლის შეთანხმებაზე უარი ზელენსკის დიდი ბრიტანეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ათქმევინა.
მენდელის განცხადებით, ზელენსკის კონფლიქტის დასრულების მეორე შესაძლებლობა 2022 წლის ბოლოს ჰქონდა. თუმცა, მაშინ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის კონცეფციას დაუჭირა მხარი, რომელიც კიევის დახმარებას და საომარი მოქმედებების გაგრძელებას ისახავდა მიზნად.
