ჩვენ ვიხილავთ ახლა ნიაღვარს ზიზღისა, რომელიც აუცილებლად წამოვა სახელმწიფოსთან ერთად ეკლესიის წინააღმდეგ, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.
პაპუაშვილის თქმით, საზოგადოებამ სიფხიზლე უნდა გამოიჩინოს.
„არ არსებობს არანაირი ოპოზიცია. სინამდვილეში, ჩვენ არ უნდა დავინახოთ ამ შემთხვევაში კონკრეტული ოპოზიციური სახეები. ჩვენ ამის უკან უნდა დავინახოთ მათი უცხოური დამკვეთები. ეს არის ხაზი, იგივე ხაზი, რაც მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ახლა ამუშავებულია ეკლესიის წინააღმდეგ და მნიშვნელოვანია ჩვენმა საზოგადოებამ სიფხიზლე გამოიჩინოს. ჩვენ ვიხილავთ ახლა ნიაღვარს ზიზღისა, რომელიც აუცილებლად წამოვა სახელმწიფოსთან ერთად ეკლესიის წინააღმდეგ და კარგად დავაკვირდეთ, ვინ ართმევს ამ ხალხს ხელს, რომელ დედაქალაქებში დადიან, რომელი უცხო ქვეყნების საჯარო ინსტიტუტების კორიდორებში დადიან, რომელ საელჩოებში დადიან, რომელ ელჩებს ართმევენ ხელს. ეს არის დღეს სამწუხარო რეალობა, რომ ის უცხოელები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ძმად და მეგობრად, დღეს ცდილობენ ჩვენს მოხრჩობას როგორც სახელმწიფოსი, ასევე ეკლესიის. სწორედ მათი ბიძგით, მათი კარნახით და მათი დავალებით მოქმედებენ ეს ადამიანები“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
