რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობების შესახებ ბევრი დადებითი რამ ითქმის, სინამდვილეში კი, „არაფერი ხდება“, გარდა „რეგულარული დიალოგისა“.
მისივე თქმით, „ბაიდენის დაწესებული ყველა სანქცია ძალაში დარჩა, ტრამპის ადმინისტრაციამ კი საკუთარი ინიციატივები მიიღო რუსეთის ეკონომიკის დასასჯელად“.
„ჩვენ ვაფასებთ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ჩვენთან, პრეზიდენტ პუტინთან დიალოგი დაიწყო. ასევე ვისაუბრეთ სხვადასხვა დონეზე. ბევრი კარგი სიტყვა ისმის რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთსასარგებლო, თანამედროვე, ტექნოლოგიური, ენერგეტიკული და სხვა პროექტების უზარმაზარ პერსპექტივაზე. სინამდვილეში კი არაფერი ხდება. რეალურად, ამ რეგულარული დიალოგის გარდა – რაც ნორმალურია ადამიანებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობებში – ყველაფერი დანარჩენი პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ინიცირებულ ნიმუშს მიჰყვება. მის მიერ დაწესებული ყველა სანქცია ძალაში დარჩა. უფრო მეტიც, ტრამპის ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივები მიიღო რუსეთის ეკონომიკის დასასჯელად“, – აღნიშნა ლავროვმა.
