რუსეთის ასტრახანის რეგიონში გაზის გადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა მოხდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ასტრახანის ოლქის გუბერნატორის, იგორ ბაბუშკინის განცხადებით, ყველა უკრაინული დრონი ან ჩამოაგდეს ან ელექტრონული ბრძოლის საშუალებებით გაანეიტრალეს. ქარხნის თანამშრომლებს შორის არავინ დაშავებულა.
რეგიონის გუბერნატორმა დასძინა, რომ ხანძარი ჩამოცვენილმა ნამსხვრევებმა გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძარი რამდენიმე საათში ჩაქრება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, ასტრახანში ჰაერის დაბინძურების საფრთხე არ არსებობს.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დრონები თავს დაესხნენ პორტს კრასნოდარის მხარეში. კრასნოდარის მხარის სოფელ ტამანში რამდენიმე ადგილას უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები იპოვეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ასევე, დაფიქსირდა თავდასხმა ტემრიუკის რაიონის სოფელ ვოლნაში მდებარე კომპანიაზე.
კომპანიის შენობაში აღჭურვილობას ცეცხლი გაუჩნდა. იქ არის შავ ზღვაზე რუსული საწვავისა და ენერგეტიკული კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი ლოჯისტიკური ობიექტი – „ტამანეფტეგაზის“ ტერმინალი, რომელიც ტამანის პორტში, ჟელეზნი როგის კონცხთან მდებარეობს.
