კვლევაში პირდაპირ თეთრით შავზე წერია, ქვეყანას რისი შესაძლებლობა აქვს, მარტო ის კი არა, როგორია საკანონმდებლო სივრცე, სამართლებრივი რეგულაციები, არამედ, როგორ ხდება ამ კანონების აღსრულება, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილს კითხვა დაუსვეს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მედეგობის შეფასებაზე, რომელიც „ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, უმაღლესი შეფასება აქვთ საქართველოსა და მონტენეგროს.
მისი თქმით, კვლევაში საუბარია, რამდენად ეფექტიანად და ღიად ხდება ამ სამართლებრივი პროცესების აღსრულება.
„სასიამოვნოა, როდესაც ამ ძალისხმევის აღიარება ხდება, როგორც საკანონმდებლო ნაწილის ასევე კანონების ცხოვრებაში აღსრულების ნაწილში. ამ მხრივ ერთგვარი პასუხია ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფუძვლოდ აკრიტიკებს თუ რაღაც ბრალდებებს ისვრის საქართველოს მიმართ კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში იმიტომ არ ხდება ამის ასახვა, რომ არის კონკრეტული პოლიტიკური მიზანი. გასული წლების მიზანი იყო საქართველოს ხელისუფლების დაზიანება, რეპუტაციის შელახვა და საქართველოს ხელისუფლების მაქსიმალურად გაშავება. ამ ნარატივსა და მიზანში არ ჯდება ამ ტიპის კვლევების და მტკიცებულებების გამოყენება შეგნებულად, დამახინჯებით ან მხოლოდ მანიპულაციურად შეფასებების გაკეთება იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით რაიმე ტიპის პოზიტიური არ ითქვას ან არ გაჟღერდეს“, – განაცხადა მახაშვილმა.
