ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს, რეალურად ევროკავშირში რა ფასი აქვს თავისუფალ მედიას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, იქ მხოლოდ ის მედია დაიშვება, რომელიც მათთვის კომფორტულ გარემოს ქმნის.
„ნებისმიერი კრიტიკული კითხვა მიუღებელია და, მათი გაგებით, დასჯადია. ეს არის ბრძოლა თავისუფალი მედიის და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ. საქართველოში ეს ბრძოლა მედიის წიმააღმდეგ მრავალ ათეულ წელს მოიცავს. ამის საუკეთესო მაგალითი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა იყო, როცა ყველა ტელევიზია ერთი სარედაქციო პოლიტიკის ქვეშ დაიმორჩილეს, მათ შორის, ფიზიკური ძალის გამოყენებით. ითვლებოდა, რომ ეს სამაგალითო მდგომარეობა იყო. მაშინ ევროპარლამენტს რეაქცია არ ჰქონდა, რადგან ისიც ამ პოლიტიკის გამტარებელია დღეს. ევრობიუროკრატიას კრიტიკული კითხვა დისკომფორტს უქმნის, ამიტომ სხვაგვარად მოაზროვნე, მოფიქრალი ან სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზია უნდა დასანქცირდეს. ეს არის ნაბიჯი ლიბერალური ტოტალიტარიზმისკენ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“, „რუსთავი 2“-ს და „პოსტივის“ ერთი წლით აკრედიტაცია შეუჩერა.
