„ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაცია დღეს დაფუძნებიდან 4 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით მესამე ეროვნული კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც დელეგატები საქმიანობის შედეგებს შეაჯამებენ და იმსჯელებენ სამომავლო გეგმებზე.
დღესვე აირჩევენ გამგეობის განახლებულ შემადგენლობას და თავმჯდომარეს. კონფერენცია ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის მიზანი პარტიულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების როლის გააქტიურებაა.
„ჩვენი ორგანიზაცია, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ წიაღში არის დაფუძნებული, აერთიანებს ქალებს პოლიტიკაში და ასევე საზოგადოებრივად აქტიურ ქალებს. მინდა თითოეულ მათგანს მადლობა ვუთხრა მთელი საქართველოს მასშტაბით გაწეული სამუშაოსთვის, აქტივობისთვის, ქალების საჭიროებებზე მუშაობისთვის. ჩვენ, როგორც ორგანიზაცია, რომელსაც ჰყავს წარმომადგენლობა როგორც საკრებულოებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში, პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ვართ ქალები, ვინც მუდმივად ვაჟღერებთ ქალთა საჭიროებებს და ვმუშაობთ პოლიტიკაზე, რომელიც ჩვენი ქალი ამომრჩევლისთვის არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა.
