რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, თუ სომხეთი ევროკავშირისკენ სვლას განაგრძობს, მოსკოვი ერევანთან გაფორმებული ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ შეთანხმებას შეაჩერებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ზახაროვას თქმით, რუსეთმა სომხეთს აღნიშნულის შესახებ უკვე აცნობა.
„რუსეთის საელჩომ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის სერგეი ცივილევის ოფიციალური წერილი სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადასცა, რომლითაც აცნობა, რომ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, რუსული მხარე შეაჩერებს ან ცალმხრივ დენონსირებას მოახდენს შეთანხმების ბუნებრივი აირის, ნავთობპროდუქტებისა და დაუმუშავებელი ბუნებრივი ალმასების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც ხელი 2013 წლის 2 დეკემბერს მოეწერა“, – განაცხადა ზახაროვამ.
