დიალოგისთვის, მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კონსტრუქციულ რეჟიმში. თითის ქნევით რომ ვინმემ გვესაუბროს, ეს დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროკავშირის მიერ დაანონსებულ დიალოგს, რომელიც 11 ივნისს ქართულ მხარესთან გაიმართება და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საკითხს შეეხება.
როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების მიხედვით.
„ჩვენ დიალოგს მივესალმებით. თუმცა, ჩვენ ვართ ერი, რომლის მოსახლეობა ოთხ მილიონზე ნაკლებია. მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო მებრძოლები, საუკეთესო შემოქმედები, მომღერლები დიზაინერები, მწერლები არიან ქართველები. მსოფლიოში ასეულობით ერი არსებობს, ჩვენზე უფრო მრავალრიცხოვანნი, უფრო დიდი სახელმწიფოებიც, თუმცა უმეტესობას ხალხი არ იცნობს. ჩვენ, ოთხ მილიონიანი ერი ისტორიის ყველა მონაკვეთში ჩვენს კვალს ვტოვებთ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს ერში რაღაც განსაკუთრებულია. იმას კი არ ვამბობ, რომ ვიღაც ჩვენზე უკეთესი ან უარესია. არა, მე იმის თქმა მინდა, რომ განსხვავებული ხასიათი გვაქვს. სამწუხაროდ, ვერცერთმა უცხოელმა ვერ დაინახა ეს, რომ ქართველებთან თითის ქნევით საუბარი და ზემოდან ყურება წარმოუდგენელია.
ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ. არავის ვებრძვით – არც ამერიკას, არც ევროპას. საკუთარ ქვეყანასა და ხალხს ვიცავთ. ჩვენი პოლიტიკა აქედან გამომდინარეობს, რომ პირველ რიგში იდგეს სამშობლოს ინტერესები. ბევრჯერ ვთქვით, რომ დიალოგისთვის, მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კონსტრუქციულ რეჟიმში. თითის ქნევით რომ ვინმემ გვესაუბროს, ეს დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით ორმაგ სტანდარტს იყენებს.
„დიალოგზე ზუსტად იმიტომ ვსაუბრობთ, რომ კრიტიკაც და რეკომენდაციებიც არგუმენტებზე დაფუძნებული უნდა იყოს. როდესაც რაღაც კანონპროექტთან დაკავშირებით ევროკავშირისგან კრიტიკა მოდის, ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს ორმაგი სტანდარტი. ვხედავთ, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანაც მსგავსი კანონის მიღებაზე იწყებს საუბარს. თუ მათთვის შეიძლება, ჩვენთვის რატომ არ შეიძლება? თუ ისინი საკუთარ ქვეყნის ინტერესებს იცავენ, რატომ არ შეიძლება, რომ ამ პატარა ქვეყანამ, რომელსაც უდიდესი წარსული და კულტურა აქვს, თავისი ქვეყანა დაიცვას?!“, – განაცხადა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ოპოზიციონერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ ევროკავშირის მიერ დაანონსებული დიალოგი შესაძლოა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას გულისხმობდეს, კახა კალაძის თქმით: „ოპოზიციის მოტივაცია რა არის ხომ ვიცით, რომ როგორმე ქვეყანა დაზიანდეს. თუკი რაიმე ცუდი არსებობს, ქვეყანას ყველაფერს უსურვებენ. მათ არ უხარიათ ის, რომ ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, ქვეყანა ვითარდება, ეკონომიურად წინ მიდის და ა.შ.“
