“აიფონ პლუსი” განცხადებას ავრცელებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა მინისტრს, ბიზნესომბუდსმენსა და საქართველოს სახალხო დამცველს ოფიციალური წერილით მიმართავს.
”მას შემდეგ რაც, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური არ დაელოდა გამოძიების დასრულებას და დამადასტურებული ფაქტის სახით, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს “აიფონ პლუსის” მაღაზიებში მეორადი ტელეფონები იყიდებოდა როგორც ახალი, საჭიროდ ვთვლით კიდევ ერთხელ გავაკეთოთ საგანგებო განცხადება.
სამწუხაროა, რომ ისეთი სერიოზული სახელმწიფო ორგანო, როგორიცაა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, დაუზუსტებელ ფაქტებზე დაყრდნობით ახდენს არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებას.
დღეს, როდესაც ქვეყანას ასე ძალიან სჭირდება ბიზნესის განვითარება სახელმწიფო ნაცვლად იმისა, რომ ხელს უწყობდეს მას წინსვლაში, არასერიოზული ნაბიჯებით, ნაადრევი დასკვნების გაკეთებით, კომპანიისთვის იმიჯის შელახვით, ახდენს მის დისკრედიტაციას, რაც ვერ იქნება პოზიტიური სიგნალი ვერცერთი ინვესტორისთვის.
მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს ფინანსთა მინისტრს, რომ დაინტერესდნენ აღნიშნული საქმით, იმასათვის, რომ დაცულები ვიყოთ “უძლიერესი და ყოვლისშემძლე” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მხრიდან არ დაიჩაგროს კომპანიის ინტერესები და ამ უწყების მოქმედებები იყოს სამართლიანი და მხოლოდ მტკიცებულებებზე დამყარებული.
დღესვე, კომპანია აღნიშულთან დაკავშირებით, ოფიციალური წერილით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ბიზნესომბუდსმენსა და საქართველოს სახალხო დამცველს. გარდა ამისა, საკითხის დაინტერესებისთვის მივმართავთ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას”.
ვთხოვთ, ყველა ჟურნალისტს დაინტერესდეს საგამოძიებო სამსახურის მუშაობით და ამასთან “აიფონ პლუსი” მოუწოდებს გარკვეულ მედიასაშუალებებს ნუ მოახდენენ საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის, დადასტურებულ ფაქტად წარმოჩენას. კომპანია მიიჩნევს, რომ ამ საქმეში სრულიად მართალია და აბსოლუტურად მიუღებელია კომპანიის იმიჯის შელახვისთვის გამიზნული გააზრებული თუ გაუაზრებელი ქმედებები.
იმისათვის, რომ საზოგადოება დავარწმუნოთ ჩვენს სიმართლეში, ვასაჯაროებთ იმ ტელეფონების IMEI (მობილური მოწყობილობის საერთაშორისო მაიდენტიფიცირებული კოდი) კოდების სიას, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა “აიფონ პლუსის” მაღაზიებში რეალიზაციიდან ამოიღო. ყველა დაინტერსებულ პირს შეუძლია გადაამოწმოს IMEI კოდები Apple-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (salfsolve.apple.com) და თავად დარწმუნდეს, რომ არცერთი ტელეფონი არ არის მეორადი.
(Apple-ის (salfsolve.apple.com) ოფიციალურ ვებგვერდზე შესაძლებელია ტელეფონის IMEI კოდის საშუალებით დადგინდეს არის თუ არა მოწყობილობა გამოყენებული, კერძოდ, მომხმარებელს საშუალება აქვს ზემოთ მითითებულ გვერდზე ჩაწეროს მოწყობილობის IMEI კოდი და მიიღებს ინფორმაციას ტელეფონის გააქტიურებისა და საერთაშორისო საგარანტიო ვადის შესახებ.)
ვიდრე სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ოფიციალურ ინფორმაციას გამოაქვეყნებს, გაცნობებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ “აიფონ პლუსის” მაღაზიებიდან ამოღებული 222 მობილური ტელეფონიდან, მხოლოდ ორი საჩვენებელი, “შოუ-რუმისთვის” განკუთვნილი მოწყობილობაა გააქტიურებული. (საჩვენებელი, “შოუ-რუმისთვის” განკუთვნლი ტელეფონების მეშვეობით მოხმარებელს შეძენამდე საშუალება აქვს გაეცნოს ტელეფონების მახასიათებლებს, ფუნქციებსა თუ მის შესაძლებლობებს)”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც როგორც “აიფონ პლუსში” აცხადებენ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ “აიფონ პლუსის” მაღაზიებში ამოღებული მობილური ტელეფონების IMEI კოდებია ჩამოთვლილი.