ოჰაიოს შტატის ქალაქ ტოლედოში, Old West End-ის ფესტივალის ჩატარების ადგილთან მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანი დაიჭრა, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია. ეჭვმიტანილები ჯერჯერობით არ არიან დაკავებულები.
პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტში, სავარაუდოდ, სულ მცირე 2 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც, როგორც ჩანს, ერთმანეთს ესროდნენ. დაზარალებულთა საშუალო ასაკი 20 წელს ოდნავ აღემატება. ხელისუფლება ეჭვმიტანილების მოსაძებნად ტერიტორიას ჩხრეკს, კითხავს მოწმეებს და მობილური ტელეფონებით გადაღებულ ვიდეოებს სწავლობს.
არაკომერციული ორგანიზაცია Gun Violence Archive-ის მონაცემებით, რომელიც აშშ-ში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მომხდარი ძალადობის შემთხვევების სტატისტიკას აწარმოებს, წლის დასაწყისიდან ქვეყანაში მასობრივი სროლის სულ მცირე 170 ინციდენტი მოხდა.
Old West End-ი ყოველწლიური ორდღიანი ფესტივალია, რომელიც ტოლედოს ისტორიულ, ვიქტორიანული სტილის სახლებით ცნობილ უბანში ტარდება. ღონისძიება აღლუმით უნდა დაწყებულიყო და ცოცხალ მუსიკასა და გასტრონომიულ ნაწილს მოიცავდა.
