მადრიდის ქუჩებში, სადაც რომის პაპმა ლეო XIV-მ ღია ცის ქვეშ მესა აღავლინა, მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ქვეყანაში თავისი ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს, კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი მოსახლეობას ქალაქში „პაპმობილით“ გადაადგილებისას ესალმებოდა.
მორწმუნეები ესპანეთისა და ვატიკანის დროშებს აფრიალებდნენ და ყვიროდნენ: „გაუმარჯოს პაპს“, სხვები კი „პლასა დე სიბელესზე“ მისი მისვლისას ყვავილებს ისროდნენ.
ქადაგებისას პაპმა შეკრებილებს მოუწოდა, გამოეხატათ თავიანთი რწმენა სხვების დახმარებით და აღნიშნა, რომ ღმერთი „საკუთარ თავს აიგივებს ღარიბებთან, ჩაგრულებთან, მათთან, ვინც მარტო და მიტოვებულია“. მისივე თქმით, მათ რელიგიას უნდა შეხედონ არა როგორც „წარსულის მუზეუმს, რომელსაც მხოლოდ სტუმრობენ, არამედ როგორც რწმენის სკოლას, საიდანაც დღესაც კი უნდა მიიღონ ცოდნა“.
ეს რომის პაპის პირველი ვიზიტია ესპანეთში ბოლო 15 წლის. ვიზიტის ფარგლებში ლეო XIV ესპანეთის პარლამენტში სიტყვით გამოვა და კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს შეხვდება.
პაპი პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად, კანარის კუნძულების მონახულებასაც გეგმავს, სადაც ისინი პატივს მიაგებენ ათასობით მიგრანტს, რომლებიც ევროპაში მიღწევის მცდელობისას დაიღუპნენ.
