1992 წლის შემდეგ დენის გადასახადს არ ვიხდით და თავის დროზე ამან გადაგვარჩინა. მაღალმთიანი რეგიონია მესტიის მუნიციპალიტეტი და არ დაიცალა, მაგრამ 2016 წლიდან, როდესაც მაინინგი შემოვიდა, ნელ-ნელა დაიწყო მაინერების შემოტანა სვანეთში, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, სვანეთი დენის უზომო მოხმარებაზე გადავიდა და უკონტროლო გახდა ეს ყველაფერი.
„სახელმწიფო მივიდა იმ დონემდე, რომ ეს მაინინგი უნდა ამოეღო. ვეთანხმები ამას იმიტომ, რომ ეს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას ძალიან უშლის ხელს. არის პერიოდი, მაგალითად ზამთარში, როდესაც უშუქოდ ვართ. არის პერიოდი, რომ დღის განმავლობაში მესტიის ერთი ნაწილი გამორთული გვაქვს საბაგირომ რომ იმუშაოს და 6 საათის შემდეგ საბაგირო ითიშება და მერე ვაძლევთ ელექტრო ენერგიას იმ დასახლებებს. სამწუხაროდ ასეთი შემთხვევებიც არის ამ გაზრდილი მაინინგის გამო.
მოსახლეობას თუ შევეკითხებით, არავის არ სურს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, მაგრამ გარკვეულწილად ესეც იქნება. უნდა დაითვალოს სხვანაირად. მოსახლეობის ნაწილი მზადაა საფასური გადაიხადოს, მაგრამ არის გადახდის უუნარო მოსახლეობაც. ყველაფერი სწორად უნდა გავიაროთ, ასე გაგრძელება ჩვენთვის აღარ შეიძლება, გაუსაძლისი სიტუაციაა“, – აღნიშნა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
