ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნის სამხედრო ძალებმა „ჰეზბოლას“ 350 მებრძოლი გაანადგურეს.
„ლიბანში ჩვენმა ძალებმა მხოლოდ გასულ კვირას 350 მებრძოლი გაანადგურეს. მათ ბოფორის ქედი აიღეს და იქ უზარმაზარი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა აღმოაჩინეს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
მისივე თქმით, ისრაელი საზღვრის გასწვრივ არსებული „ტერორისტული სოფლების დემონტაჟს ასრულებს“ და ძლიერ დარტყმებს ახორციელებს, „ჰეზბოლა“ კი უკან იხევს.
„ჩვენ არ დავუშვებთ ცეცხლის გახსნას ჩვენი ტერიტორიის ან ჩვენი თემების მიმართულებით. ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის არმიამ დარტყმა განახორციელა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში მდებარე „ტერორისტების“ შტაბ-ბინაზე. მისივე თქმით, ეს დაჯგუფების მხრიდან ისრაელის ტერიტორიაზე ცეცხლის გახსნის საპასუხოდ მოხდა.
