მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა შეწყდეს. მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს, უპირველესად ყოვლისა, ბრიუსელმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
პაპუაშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „შემდეგ კვირაში მორიგი რეზოლუცია განიხილება ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში. ერთ-ერთი ავტორი არის რასა იუკნევიჩიანე. საუბარი შეეხება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას. არაერთი რეზოლუცია გვინახავს, რა ფასი აქვს თქვენთვის ამ რეზოლუციებს?“
„არაფერი, ეს არის მხოლოდ საინფორმაციო ხმაურის შესაქმნელად. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ამ ქვეყნის განვითარების მტრები ევროპაში. მათ პირდაპირ სურთ, დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. ასე რომ, ეს მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს, უპირველესად ყოვლისა, ბრიუსელმა. მის ხელშია, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა შეწყდეს. ბრიუსელი კანდიდატი ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ ნაბიჯებს როცა ახორციელებს, ეს არ ჯდება არანაირ ვალდებულებებში, რომელიც, თავის მხრივ, აღებული აქვს ბრიუსელს ქართველი ხალხის წინაშე იმით, რომ ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება. ამიტომ, მტრული პოლიტიკის გატარება ასოცირების შეთანხმების პირობებში, თავად ასოცირების შეთანხმების დარღვევა და საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის, სტატუსის უპატივცემულობაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ეს მტრული პოლიტიკა შეწყდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
