16 ივლისს თურქეთში, გირესუნის მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტობუსი გადაბრუნდა, რომელშიც ქართული ანსამბლის “ლამპრების” მოცეკვავეები, ქორეოგრაფი და ოპერატორი იჯდა. ავტოავარიის დროს ავტობუსში სულ 38 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 28 დაშავდა.
ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა ოპერატორი მერაბ ხუჭუა, რომელიც რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.
Ambebi.ge ოპერატორ მერაბ ხუჭუას მეგობარსა და კოლეგას გია კაიშაურს ესაუბრა:
– მე და მერაბს წლების ნაცნობობა და ძმაკაცობა გვაკავშირებს. ისიც პლეხანოველი ბიჭია, იქვე ჰქონდა პირველი სტუდია. ერთად იუმორისტ მერაბ სიჭინავას ფილმებს ვაკეთებდით. “ერისიონთან” წლების თანამშრომლობა აკავშირებს, თუ სწორად მახსოვს, ნათელ-მირონობაც აქვს ხელმძღვანელთან. ბოლო დროს დრონით გადაღება შეისწავლა, დიდი გეგმები ჰქონდა. სანამ თურქეთში წავიდოდა, დამირეკა და მითხრა, ბიჭებმა ერთად დავლიოთო. გადაღებები მქონდა და უარი ვუთხარი… სხვა ძმაკაცებთანაც დაურეკია, ეტყობა გული უგრძნობდა საწყალს და ითხოვდა, ჩვენთან ერთად დიდი დრო გაეტარებინა. მითხრა 25-ში ჩამოვალ და მაშინ ვიქეიფოთო… ახლა მისი ვაჟი გაემგზავრა თურქეთში და ხვალ ჩამოასვენებენ საქართველოში.
– ოჯახი ჰყავდა?
– ტრაგიკული კაცი იყო. პირველი შვილი 21 წლის ასაკში გლანდების ოპერაციის დროს დაეღუპა. ეტყობა გული უგრძნობდა ბავშვს, წინა დღით უთქვამს, ხვალ ნარკოზს რომ გამიკეთებთ ვეღარ გავიღვიძებო. ეშინოდა ოპერაციის და ასეც მოხდა. გლანდების ოპერაციის გაკეთების შემდეგ ნარკოზიდან ვეღარ გამოიყვანეს. მას შემდეგ მერაბი ძალიან სევდიანი და გულჩათხრობილი კაცი გახდა. შვილის სიკვდილმა მასზე ძალიან იმოქმედა. საწყალს ორი შვილი დარჩა.
Ambebi.ge