განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასა და “აუდიტორია 115”-ს შორის საათნახევრიანი შეხვედრა დასრულდა.
“მე ვიზიარებ მათ პოზიციას, რომ უნივერსიტეტი უნდა განვითარდეს და მისი მართვა გუშინდელი მეთოდებით შეუძლებელია. სიმწვავე არის კონკრეტულ საკითხებში, პოზიციებში, რომელთა გადაჭრაც სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ გაიწელა და შესაბამისად, სტუდენტებიც სავსებით ვალიდურად აფიქსირებენ თავიანთ სურვილს, რომ ეს საკითხები ძალიან მალე მოგვარდეს. ეს ის საკითხებია, რომლებიც კონკრეტულად პრემიერთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრებისას დადასტურდა, შეთანხმდა”, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნივერსიტეტთან დაკავშირებული პროცესი დიდი ხანია გრძელდება.
“გამაღიზიანებელია, რომ პროცესი კიდევ იწელება, რადგან ახალი მინისტრი თავიდან უნდა გაერკვეს საკითხში. თუმცა ამას სტუდენტები ძალიან გაგებით ეკიდებიან, რაზეც მე ძალიან მადლიერი ვარ. შესაბამისად, არსებობს საშუალება მათთან ვითანამშრომლო. პირველ რიგში, იმ საკითხებზე რომლებიც არ ითმენს. ეს არი განათლების ფუნდამენტურ რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები, ეს არის თვითმართველობის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები. ასე ვთქვათ, მე სტუდენტებისგან მივიღე დავალება, რომ ყველა ეს საკითხი ძალიან ოპერატიულ რეჟიმში მთავრობაში გადავწყვიტო, რასაც დაუყოვნებლივ შევუდგები”. – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, “აუციტორია 115” ითხოვს, თვითმმართველობის ახლანდელი ფორმა და სისტემა შეიცვალოს პროგრესული, გამჭვირვალე, დემოკრატიული და თანაბარუფლებიანი სისტემით.