აგენტურის ნებისმიერი განცხადება არათანმიმდევრულია. თავიანთ ლიდერს არათანმიმდევრულობაში თავად ადანაშაულებენ. მათი არაგულწრფელობის არაერთი აღიარება მოვისმინეთ. ხაბეიშვილი თურმე თანამდებობიდან გადააყენეს არა იმიტომ, რომ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, არამედ „არასვეცკი“ მმართველი იყო და ე.წ. სვეცკი მმართველი მოიყვანეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ აგენტურას ცხელი დღეები ჯერ კიდევ წინ აქვს, მათი შიდა პარტიული არჩევნები ახლოვდება.
„ეს ადამიანები ცდილობენ, ერთმანეთს გაემიჯნონ. ტალახი, რომელიც წლების განმავლობაში ერთად ზილეს, ერთმანეთს მიახოცონ. სწორედ ამას ემსახურება სააკაშვილის განცხადებები და ვითომ გულწრფელობები, რომელსაც დღეს ვუყურებთ. გულწრფელი აქამდე რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება, უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონოდათ. არავის სჯეროდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამჭვირვალედ იმართებოდა და მას ბოკუჩავა ან ხაბეიშვილი მართავდნენ. რა თქმა უნდა, პროცესს თავიდან-ბოლომდე სააკაშვილი მართავდა. დღეს, რაღაც პრეზენტაციებს რომ აწყობენ, თითქოს, „ნაციომალური მოძრაობის“ პარტიის წევრების მიერ მოხდება გადაწყვეტილებების მიღება, თითქოს, „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაც ახალ ეტაპზე გადადის, უფრო ცივილურზე და თანამედროვეზე, ესეც მორიგი ტყუილია. დარწმუნებული ვარ, ესეც ისეთ კრახს განიცდის, როგორც აქამდე იყო. ვურჩევ, ამომრჩეველთან აპლიკაციით საუბარს პირადად ესაუბრონ, უფრო ეფექტური იქნება. ერთ-ერთი ლიდერისგან მოვისმინეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გადარჩეს. პარტია, რომელიც მხოლოდ გადარჩებაზე ფიქრობს, იმის ამბიცია ვერასოდეს ექნება, რომ საქართველოში პირველი ოპოზიციური პარტია იყოს“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქრათველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „არჩევნების წინ ლევან ხაბეიშვილის შეცვლა იყო ჩვენი რეაგირება იმაზე, რომ მთელი „სვეცკი“ ბაბლი დაირაზმა ლევანის წინააღმდეგ. ჩვენ კი ვერ ვასწრებდით მის სწორად წარმოჩენას. უწუნებდნენ ინგლისურის არცოდნას, ჩვეულებრივი ადამიანის ენით საუბარს, ხან – რას, ხან – რას. ჩვენც მოვიყვანეთ უცხო ენების მცოდნე ევროპაში და ამერიკაში განათლებამიღებული თინა და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს“.
