„ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს მდგომარეობაშია. სააკაშვილის იმპროვიზირებულმა ინტერვიუმ კარგად აჩვენა ის ღრმა კრიზისი, რაც „ნაცებს“ აქვთ, გამოჩნდა ისიც, როგორ ყოფენ საზოგადოებას ბაბლებად, „სვეცკებად“, „არასვეცკებად“, როგორ ეძებენ მხარდამჭერებს და ვერ პოულობენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაცების“ ბელადის პირიდან ნათქვამმა „ნაცმოძრაობის“ ბოლო ჟამმა კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ საქართველოში ამ დეგრადირებული პარტიის ადგილი არ არის.
„პროცესი, რაც ამ პარტიაში მიმდინარეობს, ლოგიკური დასასრულია იმ ანტიქართული პოლიტიკის, რასაც ატარებდნენ და რაც დესტრუქციული ოპოზიციის გაქრობით უნდა დასრულდეს. აგენტურული ქსელი, რასაც „ნაცმოძრაობა“ წარმოადგენს, უცხოეთიდან იმ ფინანსებით ვეღარ მარაგდება, რაც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. ქართულმა კანონმდებლობამ აგენტურას ჯიბეების შევსება გაურთულა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი „ნაცმოძრაობა“ ერთი მუჭა მხარდამჭერების მდგომარეობას ამძიმებს და მათ ფულად შენატანს პირდაპირ სთხოვს. პრაქტიკულად, ეს არის ამ პარტიის დასასრული. ეს ყველაფერი ღრმა ჭაობს აჩვენებს, სადაც სააკაშვილი და მისი პარტია იმყოფებიან. ხარჯების გაღებას საკუთარ მხარდამჭერებს სთხოვენ, ამას მათხოვრობა ჰქვია, რათა თავად შეიქმნან უკეთესი პირობები. როცა ნიკა გილაური სააკაშვილის პრემიერ-მინისტრი იყო, ერთმანეთს მშვენივრად უგებდნენ. დღეს სააკაშვილი თავის წარუმატებლობას ვის აღარ აბრალებს და ვისზე აღარ ცდილობს სიმძიმის გადატანას. სალომე ზურაბიშვილი აღარ მოსწონს. კარგად გვახსოვს, მასზე ფსონი როგორ იყო დადებული, რომ სწორედ „ნაცმოძრაობის“ ხაზი გაეტარებინა, რაც საქართველოს ომში ჩართვას და აქ მძიმე ვითარების გამოწვევას გულისხმობდა. სააკაშვილი ტყუილს იტყვის თუ მართალს, პასუხს ვინ მოსთხოვს, ტყუილებით არის გაჯერებული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
