ირანის ერთ-ერთმა სამხედრო მეთაურმა აშშ და ისრაელი გააფრთხილა, თავი შეიკავონ ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედებისგან, რადგან ქვეყანა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიისთვის ემზადება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ირანული მხარის ინფორმაციით, ხამენეი ომის პირველ დღეს განხორციელებული საჰაერო იერიშების დროს დაიღუპა.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, „ხათამ ალ-ანბიას“ ცენტრალური შტაბის მეთაურმა, ალი აბდოლაჰიმ განაცხადა, რომ ირანის მტრებმა, განსაკუთრებით აშშ-მ და ისრაელმა არასწორი გათვლებისგან თავი უნდა შეიკავონ.
„ირანის მტრებს, განსაკუთრებით აშშ-სა და სიონისტურ რეჟიმს [ისრაელს] მოვუწოდებთ, თავი აარიდონ ნებისმიერ შეცდომას და გაითვალისწინონ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ქვეყნის წინააღმდეგ ნებისმიერი მუქარისა და აგრესიის შემთხვევაში მკაცრ პასუხს გასცემს“, – განაცხადა აბდოლაჰიმ.
ხამენეის სამგლოვიარო ცერემონია 4 ივლისს თეირანში დაიწყება და 9 ივლისს მის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალვით დასრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში დამატებითი ღონისძიებები ასევე გაიმართება ყუმსა და ერაყში.
როგორც სააგენტო იუწყება, ანალოგიური გაფრთხილება გუშინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმაც გაავრცელა. მისი თქმით, ირანი დაუყოვნებლივ და მკაცრად უპასუხებს ნებისმიერ საფრთხეს, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას ან ხელმძღვანელობას დაემუქრება. განცხადება ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის სიტყვებს მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ ირანის ამჟამინდელი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი „სიკვდილისთვის არის განწირული“.
ირანული მედიის ინფორმაციით, დაკრძალვის პერიოდში ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება. ასევე, ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რამდენიმე ქალაქის, მათ შორის თეირანისა და მეშჰედის, საჰაერო სივრცეში დროებითი შეზღუდვები ამოქმედდება.
