სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისრები სტუმრობდნენ ერევანს. უფრო ადრე ისიც ვნახეთ, რომ ირანმა მადლობა გადაუხადა სომხეთს მხარდაჭერისთვის – ესეც არ ყოფილა შემაკავებელი ფაქტორი მათთვის [სომხეთისთვის], რომ ირანში ჩასულიყვნენ, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა ჰკითხა, როგორ აფასებს ოპონენტების კრიტიკას პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისადმი, რომელიც ირანში აიათოლა ხამენეის დაკრძალვაზე მიდის.
„ჩვენ ვხედავთ ორმაგი სტანდარტის კლასიკურ მაგალითს. თუ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ჩავლენ ირანში, ეს ფასდება როგორც მშვიდობის ხელშემწყობი ნაბიჯები ჩვენს რეგიონში, მაგრამ თუ საქართველოს პრეზიდენტი ჩავა, ეს მის საპირისპიროდ ფასდება. ეს ე.წ. შემფასებლები ორივე მიმართულებით ობიექტურები ვერ იქნებიან და სადღაც იტყუებიან. იტყუებიან იქ, სადაც საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, მერე იხმარენ ჯო უილსონს, ის კიდევ თავისებური წინასწარ დაწერილი მესიჯებით გამოდის და ამაზე ცდილობენ დღის წესრიგის აგებას.
ეს ადამიანები არიან ყველაფერზე წამსვლელები იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზიანონ. სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისრები სტუმრობდნენ ერევანს. უფრო ადრე ისიც ვნახეთ, რომ ირანმა მადლობა გადაუხადა სომხეთს მხარდაჭერისთვის – ესეც არ ყოფილა შემაკავებელი ფაქტორი მათთვის [სომხეთისთვის], რომ ირანში ჩასულიყვნენ. არც ჩვენს ოპოზიციას გაუმახვილებია ამაზე ყურადღება. აქაც ჩანს მათი ორმაგი სტანდარტი და რეალური სურვილები. სინამდვილეში მათ არც ჩვენი ქვეყანა აინტერესებთ, არც მშვიდობა, უფრო მეტიც, ეშინიათ მშვიდობის და ძალიან არ აწყობთ, რომ უსაფრთხოება მაღალი სტანდარტით იყოს დაცული ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
