ირანთან, თურქეთთან, ნებისმიერ რეგიონულ მოთამაშესთან, საქართველომ უნდა დაამყაროს ის პრაგმატული პოლიტიკა და ის ურთიერთობები, რაც მას მიაჩნია მიზანშეწონილად, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა.
იგი ოპოზიციონერების იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტი ირანში დაკრძალვაზე ჩასვლის გამო გააკრიტიკეს. ასევე მან კომენტარი გააკეთა კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებაზეც, რომელმაც აღნიშნულ ფაქტს „ანტიამერიკული პაქტის განმტკიცება უწოდა.
მისივე თქმით, ჯო უილსონი ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური ფიგურაა.
„თუკი მას საქართველოს კრიტიკა სურს, პირველ რიგში, კარგი იქნებოდა, თუ გააკრიტიკებდა თავისი ქვეყნის ადმინისტრაციას იმის თაობაზე, რომ ჩინეთთან ცდილობენ ურთიერთობების დამყარებას. თუკი მას საქართველოს კრიტიკა სურს, ასევე კარგი იქნებოდა, ტუკი იგი მოუწოდებდა აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ ირანთან შეწყვიტონ ნებისმიერი სახის მოლაპარაკებები და აქედან გამომდინარე, მაშინ შესაძლოა, კიდევ დავფიქრებულიყავით, რომ უილსონის მოსმენა შეიძლება. ეს არის იაფფასიანი პოლიტიკანი, რომელსაც ალბათ, წარმოდგენაც არ აქვს, გეოგრაფიულად სად მდებარეობს საქართველო.
ირანი არის რეგიონული მოთამაშე. ირანთან, თურქეთთან, ნებისმიერ რეგიონულ მოთამაშესთან, საქართველომ უნდა დაამყაროს ის პრაგმატული პოლიტიკა და ის ურთიერთობები, რაც მას მიაჩნია მიზანშეწონილად. აქედან გამომდინარე ამაში მე ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ, რომ საქართველოს პრეზიდენტი აპირებს გაემგზავროს, ირანის ლიდერის დაკრძალვის ცერემონიაზე. ეს არის დიპლომატიური ჟესტი და პატივისცემის გამოხატვა იმ სახელმწიფოს მიმართ, ვისთანაც ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობა“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
მისივე თქმით, ირანთან, თურქეთთან თუ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას საქართველოს ვერავინ უნდა უკრძალავდეს.
