ცხადია, სადაც ჯო უილსონია, იქ ობიექტურ და საქართველოს მიმართ კეთილგანწყობით გაჯერებულ ტექსტზე საუბარი ვერ იქნება. ამ ადამიანს ასეთი რა გადაუხადეს, რომ ჯამაგირი ვერ ამოიწურა? ეტყობა, ჯამაგირი სისტემატური ხასიათისაა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილს დაუსვეს კითხვა, რომლის თანახმადაც, ჯო უილსონმა, როგორც ამერიკის დელეგაციის წარმომადგენელმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის პროექტი წარადგინა.
დავით მათიკაშვილის თქმით, ანტიქართული განწყობა, რაც ჯო უილსონისგან მომდინარეობს, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
„არსებობს გებელსისეული ტყუილები. გებელსს ჰქონდა მიდგომა, რომ ადამიანს გაუგონარი უნდა დააბრალო, მისი დისკრედიტაცია მოახდინო. იმ გაუგონარ დაბრალებაშიც კი ორი პროცენტი სიმართლე იყო, დანარჩენი – დაშენებული ტყუილი. ამ კაცის ნარატივში ასი პროცენტი, 110 პროცენტი, 200 პროცენტი ტყუილია. ამ ყველაფერს რომ ჩალის ფასიც არ აქვს, ხომ ნამდვილად ლოგიკურია. საუბარია მიხეილ სააკაშვილის მეგობრებზე, სააკაშვილის გამოშვებაზე, როგორც პოლიტპატიმრის და იმ კანონების გაუქმებაზე, რომლებიც, ერთი მხრივ, იცავს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგრადობას და სუვერენიტეტს, მეორე მხრივ, ქართული ახალგაზრდობის და ბავშვების მორალურ ღირებულებებს, მათ მომავალს და ხვალინდელ დღეს. ეს რაღაც ფორმით ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის წინაღობად როცა მიაჩნია, აქ სუბიექტივიზმიც აღარაა. ეს არის ქართველებზე პირდაპირი თავდასხმა ერთადერთი მიზეზის გამო – ქართველ ხალხს ვერ პატიობენ იმ არჩევანს, რომელიც 2024 წელს გააკეთა“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
