საქართველოს მიმართ ხორციელდება თავდასხმები საერთაშორისო გაერთიანებების მხრიდან, მაშინ როცა, მათივე კვლევითი ინსტიტუტები დადებითად აფასებენ ქვეყნის განვითარებას, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ეუთოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული დეკლარაციის კომენტირებისას.
მაჭარაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი უმრავლესობა აღარ სარგებლობს სანდოობით და მათ მიერ მიღებულ რეზოლუციებსა და დეკლარაციებს არ აქვს ფასი, ვინაიდან ამ დოკუმენტებში, კერძოდ საქართველოსთან მიმართებით მიღებულში, ცალსახად იკვეთება ორმაგი სტანდარტი.
„დღევანდელ მსოფლიოში, სამწუხაროდ, უმრავლესი საერთაშორისო ორგანიზაციის ავტორიტეტი და მნიშვნელობა, პრაქტიკულად, გამქრალია. მარტო ის რად ღირს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 600-მდე საერთაშორისო ორგანიზაცია დატოვა. გარდა ამისა, ამ ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი ძალიან ცუდ როლს ასრულებს დამოუკიდებელი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას რატომ უნდა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობა? იმიტომ, რომ მისი უფლებები იყოს დაცული და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხარისხი ამაღლდეს და თუ ვინმე შეეცდება მის დაჩაგვრას, ამ ორგანიზაციებმა დაიცვან.
დღეს კი რას ვხედავთ, პირიქით, საქართველოს მიმართ ხორციელდება თავდასხმები საერთაშორისო გაერთიანებების მხრიდან, მაშინ როცა, მათივე კვლევითი ინსტიტუტები დადებითად აფასებენ საქართველოს განვითარებას. ამ დროს გამოდიან ევრობიუროკრატები – ევროკომისია, ევროპარლამენტი და ახლა უკვე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა და საპირისპიროს საუბრობენ ქვეყანაზე,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებაში სახეზეა პირდაპირ გამოხატული ორმაგი სტანდარტი. „საჯაროდ, უსირცხვილოდ საუბრობენ იმაზე, რომ ერთი და იგივე ვითარებაში, მხოლოდ საქართველოშია ცუდი მდგომარეობა და სხვაგან კარგი სიტუაციაა. ამას საქართველოში და მთელს მსოფლიოში ყველა ხედავს და სწორედ ამიტომ ვამბობ – ასეთი ტიპის რეზოლუციები ფასს კარგავს. კითხვაც დაისვა, თუ რატომ აქვთ ქართული დელეგაციის წევრებს მცდელობა არ ჩაიწეროს დეკლარაციაში ის, რისი ჩაწერაც ევრობიუროკრატებს სურთ. იმიტომ ვცდილობთ, რომ კიდევ უფრო არ გაუფასურდეს ამ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რეზოლუციების ავტორიტეტი საქართველოს საზოგადოების თვალში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
