პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვის საქართველოში დღეს დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტს.
ქართველიშვილი პოსტში იხსენებს 1990-იან წლებს, როცა საქართველოს აშხაბადის წინაშე ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის 400 მილიონ დოლარზე მეტი დავალიანება დაუგროვდა და მისი სრული გადახდა მხოლოდ 2002 წელს დაასრულა.
მისი თქმით, თურქმენეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი სუფთა ფინანსური ფურცლიდან იწყება და ამიტომაც არის ყველა შანსი, იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალი, ბევრად უფრო შინაარსიანი თავი გაიხსნას.
„თურქმენეთის პრეზიდენტის დღევანდელი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში განსაკუთრებით საყურადღებოა იმ მძიმე ფინანსური მემკვიდრეობის ფონზე, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გაჰყვა. მაშინ თბილისმა აშხაბადის წინაშე ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის 400 მილიონ დოლარზე მეტი დავალიანება დააგროვა. გაღატაკებული პოსტსაბჭოთა საქართველოსთვის ეს კოლოსალური თანხა იყო. 1996 წელს ვალის რესტრუქტურიზაცია გახდა საჭირო, ხოლო უკვე 1998 წლის დეკემბერში ქართულმა მხარემ თურქმენეთს ძირითადი დავალიანებისა და ვადაგადაცილებული გადასახდელების დასაფარად 21,84 მილიონი დოლარი გადაურიცხა. ვალდებულებების ნაწილი მხოლოდ ფულით კი არა, საქონლით, საავიაციო და სხვა მომსახურებითაც იფარებოდა; 2002 წლისთვის მსგავსი ურთიერთჩათვლებით კიდევ დაახლოებით 12 მილიონი დოლარი დაიხურა.
დღეს ამ ფინანსური დამოკიდებულების სურათიდან აღარაფერი დარჩა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ რეესტრებში სულ მცირე 2020 წლიდან თურქმენეთის მიმართ დავალიანება, ზუსტად ნულ დოლარს შეადგენს. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-ეკონომიკური შედეგია: საქართველოს მოქმედი ხელისუფლება აშხაბადთან მოლაპარაკებებს აღარ აწარმოებს მოვალის დამამცირებელი მდგომარეობიდან, რომელსაც წარსული გაზის ვალების გამო გამართლება უწევს, არამედ იმ სახელმწიფოს პოზიციიდან, რომელმაც საერთაშორისო ვალდებულებები მოაწესრიგა და თურქმენეთი დიდი ხანია ამოიღო იმ კრედიტორთა სიიდან, რომელთა მიმართაც ნულზე მეტი ნაშთი აქვს.
ქრონიკული გადახდისუუნარობის ეპოქის მძიმე მემკვიდრეობა დახურულია, ხოლო ორმხრივი ურთიერთობების ფინანსური ფურცელი, გასუფთავებული. ამიტომ სერდარ ბერდიმუჰამედოვის ვიზიტს აღარ ამძიმებს არც ძველი პრეტენზიები, არც ვადაგადაცილებული გადასახდელები და არც საგარეო ვალის ვალდებულებები. სიმბოლურად ეს არის გადასვლა მოდელიდან „გაზის მიმწოდებელი – გადახდისუუნარო მოვალე“ – თანასწორ გეოეკონომიკურ პარტნიორობაზე. საქართველო, რომელსაც ოდესღაც მოხმარებული გაზის საფასურის დროულად გადახდა არ შეეძლო, დღეს თურქმენეთს სთავაზობს პორტებს, რკინიგზას, ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას და შავ ზღვასა და ევროპულ ბაზრებზე გასასვლელს.
ამ ორ ეპოქას შორის განსხვავება ნებისმიერ დეკლარაციაზე უკეთ აჩვენებს, რამდენად შეიცვალა ქვეყნის ფინანსური დისციპლინა, სახელმწიფო მართვა და საერთაშორისო შესაძლებლობები. დღევანდელი ვიზიტის ძირითადი მიზნები უკვე წარსულს კი არა, მომავალს უკავშირდება. შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდას, მარშრუტის: თურქმენბაში-კასპიის ზღვა-ბაქო- თბილისი-ფოთი, ბათუმი და მომავალში ანაკლია-ევროპა განვითარებას, საკონტეინერო და საბორნე გადაზიდვების გაფართოებას, სატრანზიტო ტარიფების შეთანხმებას, ვაჭრობას, ინვესტიციებსა და ენერგეტიკული თანამშრომლობის პერსპექტივებს.
თურქმენეთი საქართველოს გავლით შავ ზღვაზე საიმედო გასასვლელს იღებს, ხოლო საქართველო, ახალ ტვირთებს, დამატებით შემოსავლებს და საკუთარი როლის გაძლიერებას, როგორც ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის შეუცვლელი დამაკავშირებელი რგოლი. ვიზიტი სუფთა ფინანსური ფურცლიდან იწყება და სწორედ ამიტომ აქვს მას ყველა შანსი, ურთიერთობების ახალი, ბევრად უფრო შინაარსიანი თავი გახსნას,“ – წერს დავით ქართველიშვილი.
