სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია და კლინიკა „ვივამედში“ ჩატარებული კვლევების შედეგად, ყველა სახის მწვავე პათოლოგიური პროცესი გამოირიცხა.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და განმარტავს, რომ მსჯავრდებულს ინსულტი არ გადაუტანია. მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას მიერ წარმოდგენილი ჩივილების შესაბამისად, იგი გადაყვანილ იქნა კლინიკა „ვივამედში“ დიაგნოზის დასმის მიზნით, კლინიკაში ჩატარებული კვლევების შედეგად, ყველა სახის მწვავე პათოლოგიური პროცესი გამოირიცხა. მიუხედავად მსჯავრდებულის მოთხოვნისა, რომ დაბრუნებულიყო პენიტენციურ დაწესებულებაში, იგი მოთავსებულ იქნა კლინიკაში შემდგომი დინამიკური დაკვირვების მიზნით. სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ნებისმიერ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
