სახელმწიფომ მეტალურგიის ფაკულტეტი სრულად დააფინანსა. აბიტურიენტებს ფაკულტეტზე მოხვედრა ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე, შესაბამისი ბარიერის გადალახვის შემდეგ შეეძლებათ. კურსდამთავრებულებს კი საშუალება ექნებათ, სხვადასხვა საწარმოში დასაქმდნენ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი ნუგზარ წერეთელი „კვირასთან“ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის განვითარების მნიშვნელობაზე საუბრობს.
„ფაკულტეტზე მოხვედრა ჩვეულებრივად, ეროვნული გამოცდების ჩაბარებით ხდება. აბიტურიენტმა უნდა გადალახოს შესაბამისი ზღვარი. მართალია, წელს დიდი მიღება არ გვაქვს – 15 ადგილია მეტალურგიაზე და 25-მასალათმცოდნეობაზე, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანია, ამ ყველაფერმა აბიტურიენტებამდე მიაღწიოს და ინფორმირებულები გახდნენ. როდესაც სწორი ინფორმაცია ექნებათ, ვფიქრობ, რომ პრობლემა არ იქნება და არჩევანს ამ ფაკულტეტზე გააკეთებენ“,-განაცხადა ნუგზარ წერეთელმა.
მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი კურსდამთავრებულთა კარიერასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მუდმივი კავშირი აქვთ ქარხნებთან, სადაც საწარმოო პრაქტიკას გადიან სტუდენტები. მისივე თქმით, კვალიფიციური კადრების დეფიციტია და ამიტომ მეტალურგიის ფაკულტეტზე დროული დაინტერესება სახელწიფოს მხრიდან სასიხარულოა.
„ჩვენ, მოგეხსენებათ, ევროპროგრამაში ვართ ჩართული, სხვადასხვა მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული და გარდა ამისა, რაც სტუდენტებს სჭირდებათ, რომელი საკითხებიც, იმის მიხედვით დგება შესაბამისი სილაბუსი, სასწავლო პროგრამები. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სწავლებაა, რაც ამარტივებს სწავლის პროცესს. ამასთანავე, აზოტწარმოებასთან მუდმივი კავშირი გვაქვს. მემორანდუმის შინაარსი სწავლების პროცესშიც ამას მოიცავს, რომ შესაბამის სემესტრში სტუდენტი საწარმოო პრაქტიკას გადიოდეს წარმოებებში. სასწავლო პროგრამაც ადვილად დაძლევადია. ჩვენთან არის ბაკალავრიატი, შემდგომ გაღრმავებული მაგისტრატურა და დოქტორანტურა. მე თითქმის ჩემი არცერთი სტუდენტი აღარ მეგულება, რომელიც ამ სფეროში არ იყოს დასაქმებული. ყოველთვის მირეკავენ საწარმოებიდან და ითხოვენ შესაბამის კადრებს. თანდათან უკვე გვიჭირს კადრების მოძიება, ამიტომ მიხარია, რომ დროულად მოხდა სახელმწიფოს მხრიდან ამ ფაკულტეტით დაინტერესება. მათი მხრიდან კიდევ არის რაღაცეები გასაკეთებელი. ასე რომ გაგრძელდეს, ჭანჭიკის მომჭერი აღარ გვეყოლება“,-ამბობს დეკანი.
როგორც დეკანმა განაცხადა. სახელმწიფოს მხრიდან მეტალურგიული ფაკულტეტის 100%-ით დაფინანსება ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია.
შპს. „ჯორჯიან მანგანეზის“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორის ვასილ გველესიანისთქმით, სახელმწიფოს დაფინანსება ბაკალავრიატის, მეტალურგიისა და მასალისმცოდნეობის სპეციალობებზე მისასალმებელია.
„ჩვენ, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით გავაახალგაზრდავეთ კოლექტივი. როგორც გითხარით, ჩვენი პენსიონერების დამსახურებით, ბევრი წვრილი მეწარმე და საწარმო ცხოვრობს, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ახალგაზრდა კადრები მოვიძიოთ. ყველას ვურჩევ, ვინც ამ ფაკულტეტების არჩევას აპირებს, აუცილებელი იქნება თავი ჩამოიყალიბონ პროფესიონალ კადრებად. ამგვარი მიდგომა გაუმარტივებთ ყველა იმ სირთულეს, რაც ამ პროფესიას ახლავს“,- ამბობს დირექტორი.
როგორც გველესიანმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, იმდენად დეფიციტია სპეციალობების, რომ სხვადასხვა საწარმოები პენსიონერებს სთხოვენ, დაბრუნდნენ წარმოებაში და მუშაობა გააგრძელონ. მისივე თმით, სახელმწიფოს დაფინანსება მეტალურგიისა და მასალისმცოდნეობის სპეციალობეზე მისასალმებელია.
„ჩვენს ქარხანაში იძულებული გავხდით, რომ რამდენიმე სპეციალობის სპეციალისტები გადაგვემზადებინა და ქუთაისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოგვეყალიბებინა რამდენიმე ჯგუფი. ელ-ამწის მემანქანეების სპეციალისტების დეფიციტია და ყველა ქარხანა, რომლებიც ახლა რეგიონშია, ფაქტობრივად, ჩვენგან წასული პენსიონერებით „იკვებებიან“. იმდენად დეფიციტია სპეციალობების, რომ სხვადასხვა საწარმოები პენსიონერებს სთხოვენ, დაბრუნდნენ წარმოებაში და გააგრძელონ მუშაობა. ამდენად, ამ ყველაფრის ფონზე, გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფოს დაფინანსება გამოეცხადებინა ბაკალავრიატის, მეტალურგიისა და მასალისმცოდნეობის სპეციალობებზე, მისასალმებელია. ახალგაზრდებმა, რომლებმაც შეძლეს, გადალახეს ბარიერი და ჩააბარეს მისაღები გამოცდები, მოხვდებიან სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაში და საშუალება ექნებათ, უფასოდ ისწავლონ და განავითარონ თავიანთი მომავალი.“,- ამბობს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი ვასილ გველესიანი “კვირასთან” საუბრისას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი ნუგზარ წერეთელი:
„საქართველოს, მეტალურგიის წარმოების კუთხით, საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ბოლო პერიოდში კი ისეთი ტენდენციაა, თითქოს მეტალურგია ჩამკვდარია ჩვენთან, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ყველაზე მეტი თანხა სწორედ ფეროშენადნობ ქარხნებს შემოაქვს. მხედველობაში მაქვს, ძირითადად, ზესტაფონის, ფეროშენადნობთა ქარხანა. აქედან გამომდინარე, ორიოდე წლის წინ, სახელმწიფომ დააფინანსა ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამა, მაგრამ სამწუხაროდ, მათ შორის ჩვენი მეტალურგიული ფაკულტეტი ვერ მოხვდა. ამის შესახებ ბევრჯერ მივმართეთ განათლების სამინისტროს, შესაბამის სამსახურებს, პარლამენტს, პრემიერს, მაგრამ აქამდე, რატომღაც, ეს საკითხი არ იყო გადაწყვეტილი. ჩვენმა რექტორმა, აჩი ფრანგიშვილმა ძალიან იაქტიურა და სრულიად მოულოდნელად, გავიგეთ, რომ მთლიანად, 100 %-ით დაფინანსდა მეტალურგიის და მასალისმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამა. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო სწორ გზაზე დგას და სხვა მნიშვნელოვანი ფაკულტეტების დაფინანსებაც მოხდება შემდეგში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერანაირ დოვლათს ვერ შევქმნით. სახელმწიფოსთვისაც მომგებიანია ამ დარგის განვითარება, რადგან სავალუტო პროდუქციაში იმდენად მოთხოვნადია ფეროშენადნობები, რომ ამას შემოაქვს ძირითადი შემოსავალი“,-ამბობს დეკანი.
როგორც ნუგზარ წერეთელმა აღნიშნა, მეტალურგიის ფაკულტეტი მძიმე დარგია, რაც ახალგაზრდების დაინტერესებას ვერ იწვევს, ამიტომ, თუ ახალი მექანიზმით გაიზრდება მათი დაინტერესება, მისაღები კანდიდატების რიცხვიც მოიმატებს. მისივე თქმით, ფაკულტეტმა არათანაბარ პირობებს უკვე გაუძლო და ახლა სხვა ფაკულტეტებთან თანაბარ პირობებში იქნება.
„მეტალურგიის ფაკულტეტი მძიმე დარგია, ამიტომ ახალგაზრდების დაინტერესება ნაკლებია, ურჩევნიათ, სხვა, ჰუმანიტარულ სპეციალობებზე ჩააბარონ. თუკი ახლა ეს მექანიზმი გაზრდის მათ მოთხოვნებს, აუცილებლად გაიზრდება მისაღები კონტინგენტის რაოდენობაც. ცუდი ტენდენცია იყო, ვინაიდან ზოგიერთი სპეციალობები გამოკვეთეს სახელმწიფო დაფინანსებით, არათანაბარ პირობებში აღმოვჩნდით ჩვენ, ანუ საჭირო სპეციალობები, ამიტომ, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა გარბის, სადაც სახელმწიფო დაფინანსებაა და ამან ცუდად იმოქმედა. ამის მიუხედავად, მაინც შევძელით ფაკულტეტის შენარჩუნება, თუმცა, ახლა ისევ თანაბარ პირობებში ვართ“,-განაცხადა ქიმიური ტექნოლოგისაა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა, ნუგზარ წერეთელმა.