ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდა ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ქუთაისში, ტექნოლოგიური ჰაბის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებოდნენ.
ავთანდილ კასრაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქუთაისში გაჩნდა ადგილი, სადაც მომავალი არის არა მხოლოდ სასაუბრო თემა – არამედ იქცა ყოველდღიურ საქმედ.
მისივე განმარტებით, მთელი წლის განმავლობაში ათასობით ბენეფიციარს, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ისეთ პროექტებში, როგორიცაა სტარტაპ ინკუბატორი, პრე-აქსელერატორი, ტექნოლოგიური კვირეულები, ინოვაციური ბანაკები, ჰაკათონები, ვორქშოპები, ტრენინგები და ასობით სხვადასხვა ტიპისა და მიმართულების საგანმანათლებლო და საკონკურსო ღონისძიებები.
„ტექნოლოგიური პარკი არის ჰაბის ბირთვი, სადაც ინტერესი უკვე გადადის საკუთარი ხელით პროდუქტების შექმნაში. ჰაბში თავს იყრის რობოტიკისა და ავტომატიზაციის, დრონების, ელექტრონიკისა და IoT სისტემების, AI მოწყობილობების, FabLab-ის, 3D პროტოტიპირების, STEAM ლაბორატორიებისა და ვირტუალური რეალობის სტუდიის ინფრასტრუქტურა. ამ ყველაფრიდან განსაკუთრებით მინდა გამოვყო რობოტიკა, რადგან ის ერთ სივრცეში აერთიანებს თითქმის ყველაფერს, რაც თანამედროვე ტექნოლოგიას ქმნის: მექანიკას, ელექტრონიკას, პროგრამირებას, სენსორებს, დიზაინს და გუნდურ მუშაობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რობოტიკა არის ადგილი, სადაც ცოდნა იწყებს მოძრაობას. ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება დაიწყოს მომავალი ინჟინერის, პროგრამისტის, კონსტრუქტორის, მკვლევარის ან ტექნოლოგიური მეწარმის გზა“, – აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
მისივე განმარტებით, ქუთაისის ტექნოლოგიურ პარკში წარმოდგენილია ყველა საჭირო ინსტრუმენტი ინოვაციური ბიზნესის მხარდასაჭერად იდეიდან – საერთაშორისო ბაზრებამდე.
„ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ასევე განთავსდა სტარტაპებისა და მეწარმეობის სივრცეები, coworking ზონები, საკონფერენციო ინფრასტრუქტურა, ტრენინგებისა და შეხვედრების ოთახები, Growth Hub და საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი. ეს ყველაფერი ჰაბს აძლევს მეორე ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას – ტექნოლოგიური ცოდნის პრაქტიკაში და ეკონომიკაში გამოყენების შესაძლებლობას. ხაზს გავუსვამ იმ ფაქტსაც, რომ შენობაში განთავსდება საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიის ოფისები, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მნიშნელოვანი ინსტრუმენტი გახდება“, – აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
ქუთაისის მრავალფუნქციური სივრცე ეკოსისტემაში აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას. პროექტი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას ტექნოლოგიურ განვითარებაში და მიზნად ისახავს ქვეყნის, როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის, პოზიციის გაძლიერებას.
