„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ გამოძიებით დადასტურდება კოორდინირებული საინფორმაციო კამპანიის არსებობა, საქმე მხოლოდ დეზინფორმაციას აღარ შეეხება და შესაძლოა, საერთაშორისო კრიზისის პროვოცირების მცდელობაზე მიუთითებდეს.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, თუ ეს გარემოებები დადასტურდება, საქმე აღარ იქნება უბრალოდ საყოფაცხოვრებო დეზინფორმაციასთან – საუბარი იქნება მიზანმიმართულ მცდელობაზე, საერთაშორისო სივრცეში შეიქმნას წარმოდგენა, თითქოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეები მასობრივ საფრთხეში იმყოფებიან.
მისივე თქმით, ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის კანონმდებლობა, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს იქნა მიღებული და ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობას საზღვარგარეთ.
„როგორც შევიტყვეთ სუს-ის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება კოორდინირებული კამპანიის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია საქართველოში რუსი ტურისტების მიმართ თითქოსდა სისტემური ძალადობისა და დამცირების შესახებ – დაწყებული ისტორიებით, თითქოს მათ ტყეში მარტო ტოვებდნენ, დასრულებული მტკიცებებით, რომ ქართულ რესტორნებში მათთვის შეკვეთილ საკვებს განზრახ აბინძურებდნენ. უწყების ინფორმაციით, მსგავსი ცნობები თავდაპირველად ვრცელდებოდა ყალბი ანგარიშების ქსელის მეშვეობით, შემდეგ კი კოორდინირებულად აიტაცა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულმა ონლაინმედიამ, რომელსაც მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავს.
თუ ეს გარემოებები დადასტურდება, საქმე აღარ იქნება უბრალოდ საყოფაცხოვრებო დეზინფორმაციასთან – საუბარი იქნება მიზანმიმართულ მცდელობაზე, საერთაშორისო სივრცეში შეიქმნას წარმოდგენა, თითქოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეები მასობრივ საფრთხეში იმყოფებიან.
ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის კანონმდებლობა, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს იქნა მიღებული და ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობას საზღვარგარეთ. სწორედ ამიტომ, რუსეთის მოქალაქეების მიმართ სისტემური თავდასხმებისა და დამცირების ხელოვნურად შექმნილმა სურათმა შესაძლოა არა მხოლოდ პროპაგანდისტული, არამედ პოტენციურად სახიფათო პოლიტიკური განზომილებაც შეიძინოს. თუ საინფორმაციო სივრცეში თანმიმდევრულად ყალიბდება შთაბეჭდილება, თითქოს რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ორგანიზებული დევნის მსხვერპლნი არიან, ასეთი საინფორმაციო ფონი შესაძლოა დამატებით არგუმენტად იქცეს მოსკოვის მიმართ უფრო მკაცრი რეაგირების მოთხოვნისთვის.
თუ ამ ვერსიას დავეყრდნობით, უფრო გასაგები ხდება მსგავსი კამპანიების შესაძლო ორგანიზატორების ლოგიკაც. მას შემდეგ, რაც ვერ მოხერხდა საქართველოს ჩათრევა რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნაში, აქცენტი შესაძლოა სხვა სცენარზე გადავიდა – კრიზისის პროვოცირება უკვე ჰუმანიტარული და ეთნიკური დაპირისპირების მიმართულებით. არა სამხედრო კონფლიქტი თბილისის ინიციატივით, არამედ ისეთი საინფორმაციო გარემოს შექმნა, სადაც მოსკოვზე გაჩნდება საზოგადოებრივი და პოლიტიკური ზეწოლა, რათა მან საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადადგას.
პარალელურად, მსგავსი ესკალაცია შესაძლოა მძიმედ ასახულიყო რუსეთში მცხოვრებ მრავალათასიან ქართულ დიასპორაზეც, გამოეწვია სიმეტრიული საპასუხო ნაბიჯები და გაეღვიძებინა 2006 წლის მტკივნეული მოგონებები, როდესაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები მასობრივი დეპორტაციებით, ბიზნესის ფართომასშტაბიანი შემოწმებებითა და ათასობით ქართველისთვის მძიმე ჰუმანიტარული შედეგებით იყო დატვირთული.
სწორედ ამიტომ, საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიება ჩვეულებრივი ინტერნეტფეიკების წინააღმდეგ ბრძოლას მნიშვნელოვნად სცდება. თუ გამოძიება დაადგენს, რომ მართლაც არსებობდა გარედან მართული და კოორდინირებული საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანიც იყო საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების შესახებ ყალბი წარმოდგენის შექმნა და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენება, მაშინ საუბარი იქნება ინფორმაციული სივრცის გამოყენების მცდელობაზე საერთაშორისო კრიზისის ხელოვნურად შესაქმნელად. ასეთ ვითარებაში თავდასხმის ობიექტი მხოლოდ ტურისტული სექტორი ან საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია აღარ იქნება – საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება მთელი რეგიონული სტაბილურობა, რადგან ხელოვნურად გაღვივებულმა ურთიერთსიძულვილის ატმოსფერომ შესაძლოა მხარეები ისეთი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგოს, რომელთა შედეგებიც ვირტუალური სივრცის ფარგლებს ბევრად გასცდება“, – წერს ქართველიშვილი.
