თბილისი-ბათუმის და ბათუმი-თბილისის სარკინიგზო ხაზზე მგზავრობის დრო ოთხ საათამდე შემცირდა, – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აქამდე მგზავრობის დრო ხუთ საათსა და 30 წუთს შეადგენდა
„მგზავრობის ხანგრძლივობა უკვე ოთხ საათს შეადგენს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ლიანდაგსა და ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი კაპიტალური სამუშაოები ჩავატარეთ, რომელმაც საშუალება მოგვცა, რომ სიჩქარეები გარკვეულ მონაკვეთებზე გაგვეზარდა. ამ სამუშაოებმა მოგვცა საშუალება, იმ მონაკვეთებზე, სადაც რეაბილიტაცია ჩატარდა, გავზარდოთ სიჩქარე, მოვხსნათ შეზღუდვები და თბილისიდან ბათუმში უსაფრთხოდ, ოთხ საათში ვიმგზავროთ“, – აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს რკინიგზამ უკვე დაასრულა რამდენიმე სადგურის რეაბილიტაცია. კომპანიის მიზანია, სრულად მოაწესრიგოს არა მხოლოდ მაგისტრალურ ხაზებზე არსებული, არამედ საგარეუბნო სადგურებიც.
„ფაქტობრივად უკვე მიმდინარეობს 5-7 სადგურის რეაბილიტაცია და წელს კიდევ გვინდა დავამატოთ 5 სადგური. მომავალ წელსაც სრულად გვინდა, რომ დავამთავროთ სადგურების რეაბილიტაცია“, – განაცხადა აბაშიძემ.
