უნიკალური აღმოჩენა სიცილიის სანაპიროსთან – მაზარა-დელ-ვალოს სანაპიროდან დაახლოებით სამი მილის დაშორებით, 46 მეტრის სიღრმეზე, რომაული ეპოქის ჩაძირული გემი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, ძვ.წ. მეორე ან პირველი საუკუნით თარიღდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
იტალიის კულტურის სამინისტროს ცნობით, ზღვის ფსკერზე ასობით ამფორა (თიხისგან დამზადებული ჭურჭელი) იპოვეს, ძირითადად დრესელის 1A ტიპის, ორი ტყვიისგან დამზადებული ღუზა და იმავე მასალისგან დამზადებული კიდევ ერთი კონსტრუქცია.
კულტურის მინისტრმა ალესანდრო ჯულიომ, გემის პოვნას ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყალქვეშა არქეოლოგიური აღმოჩენა უწოდა.
„ვულოცავ კარაბინიერებს, მათ სპეციალიზებულ დანაყოფებს და სიცილიის რეგიონის საზღვაო ზედამხედველობის სამსახურს მათი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის, რამაც ეს აღმოჩენა შესაძლებელი გახადა. ზღვა აგრძელებს ჩვენი ისტორიის ძვირფასი ფრაგმენტების დაბრუნებას, ხოლო მაზარა-დელ-ვალიოს ჩაძირული გემი მოგვითხრობს იმ ადამიანების, მარშრუტებისა და ვაჭრობის შესახებ, რომლებმაც ხმელთაშუა ზღვა ცივილიზაციების გზაჯვარედინად აქციეს. კვლევა გაგრძელდება, რათა ნათელი მოეფინოს მის ისტორიას და საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი“, – თქვა ჯულიომ.
