მოდით, ცოტა გავაფართოოთ სურათი, გავცდეთ ამ უსამშობლო აგენტურას და ვნახოთ, რა იყო 2008-2012 წლების გლობალური კონტექსტი, რამაც, ფაქტობრივად, უსიტყვო დავალების ფუნქცია შეასრულა ადგილობრივი რადიკალებისთვის- წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში და ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც 2008-2012 წლების გლობალურ პოლიტიკურ კონტექსტსა და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ნაბიჯებს აანალიზებს.
დეპუტატის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გუნდი ეროვნულ ინტერესებს გვერდზე დებდა და სრულად ერგებოდა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების „გადატვირთვის“ პოლიტიკას.
წილოსანი რამდენიმე საკვანძო ისტორიულ ფაქტსა და დოკუმენტზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს: „არაფერი საწინააღმდეგო იმაში არ არის, რომ მაშინ დასავლეთმა რუსეთთან „გადატვირთვა“ დააანონსა, თუმცა შენი ქვეყნისთვის უმძიმესი ომიდან მალევე, შენი გაცხოველებული ანტირუსული რიტორიკიდან მყისიერად რუსი ტურისტი რომ სასურველი გახდება, რუსი ბიზნესმენი და ინვესტორი მისაღები, სავიზო რეჟიმი კი გასაუქმებელი და რუსეთის WTO-ში გაწევრიანებისთვის ხელის მოწერაც შესაძლებელი, კარგად ააშკარავებს შენს ამორალურობასა და უსამშობლობას. მით უფრო მაშინ, როდესაც ამ ყველაფრის სანაცვლოდ შენს ქვეყანას არც ოკუპაციის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი მიუღია, არც ტერიტორიები დაუბრუნებია და არც რაიმე ისეთი ხელშესახები პოლიტიკური სარგებელი მიუღია, რომელიც ეროვნული ინტერესის დათმობას გაამართლებდა.“
„2008 წლის აგვისტოს ომიდან სულ რაღაც ორ თვეში, 2008 წლის 2 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 1633 – „საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგები“.
რეზოლუციის მე-5 პუნქტში ჩაიწერა, რომ “2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვამ კონფლიქტის ესკალაცია ახალ დონეზე, ღია და სრულმასშტაბიანი ომის საფეხურზე გადაიყვანა”. სააკაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა არა მხოლოდ ამ შეფასებას დაუჭირა მხარი, მეტიც, იმავე რეზოლუციით ქართულ ჯარს სამხედრო დანაშაულების ჩადენა დააბრალა.
რეზოლუციის ამ ჩანაწერით საქართველოსთვის შეიქმნა უმძიმესი პოლიტიკური მემკვიდრეობა, თუმცა, თუ მაშინდელ მედიას და პოლიტიკურ რეალობას გავიხსენებთ, რეზოლუციის ამ ჩანაწერზე და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მომხდარზე ფართო საზოგადოებრივი დისკუსია პრაქტიკულად არ ყოფილა.
ცალკე ისტორიაა ტალიავინის დასკვნა, სადაც ასევე გვხვდება საქართველოსთვის საზიანო და დღემდე პოლიტიკური ინტერპრეტაციების საგნად ქცეული ჩანაწერები. ტალიავინის მისია ევროკავშირმა მოგვიანებით, 2008 წლის 2 დეკემბერს შექმნა, ხოლო საბოლოო ანგარიში 2009 წლის 30 სექტემბერს გამოქვეყნდა. თუმცა, სანამ ტალიავინის მისია მუშაობას დაასრულებდა და საბოლოო დასკვნას გამოაქვეყნებდა, საერთაშორისო პოლიტიკაში უკვე დაწყებული იყო ბევრად უფრო მასშტაბური პროცესიც – დასავლეთის, პირველ რიგში კი აშშ-ის, რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა.
აგვისტოს ომიდან მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ, 2009 წლის 6 მარტს, ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსულ-ამერიკული ურთიერთობების ცნობილი „გადატვირთვის“ სიმბოლურ წითელ ღილაკს აჭერენ ხელს.
ეს ღილაკი ადგილობრივი აგენტურისთვისაც განგაშის სიგნალივით უნდა ყოფილიყო – პოლიტიკური კონიუნქტურა შეიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის ომიდან ერთი წელიც კი არ იყო გასული, იწყება პერიოდი, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდანაც სულ უფრო ხშირად გვესმის რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების, რუსი ტურისტების მოზიდვისა და რუსული ინვესტიციების შესახებ საუბარი.
ეს პოლიტიკა საბოლოოდ იქამდე მიდის, რომ 2012 წლის 29 თებერვალს სააკაშვილის ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ცალმხრივად აუქმებს.
მაგრამ მანამდე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამბავი ხდება. 2010 წლის 24 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ვირჯინიაში, „Ray’s Hell Burger “-ში, ერთად მიირთმევენ ბურგერს. ერთი შეხედვით, უბრალო პროტოკოლური კადრია, მაგრამ იმავე დღეს თეთრი სახლი თავად აქვეყნებს მასალას სათაურით: „Reset with Russia Continues“. ანუ გზავნილი საერთოდ არ იყო დასამალი, რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკა გრძელდებოდა.
ადგილობრივი აგენტურისთვის, ალბათ, ამაზე ნათელი სიგნალი არც იყო საჭირო.
გლობალური პროცესების ამ მსხვილი ფაქტების ჩამონათვალში თავისუფლად შეგვიძლია შევიტანოთ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი. 2011 წელს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება.
ცნობისათვის, რუსეთი WTO-ში გაწევრიანებას ჯერ კიდევ 1993 წლიდან ცდილობდა, მაგრამ პროცესის დასრულებისთვის საქართველოს თანხმობაც მნიშვნელოვანი დაბრკოლება იყო.
საბოლოოდ, შვეიცარიის შუამავლობით, 2011 წლის 9 ნოემბერს საქართველომ და რუსეთმა ხელი მოაწერეს საბაჟო ადმინისტრირებისა და სავაჭრო ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმებას, რითაც რუსეთის WTO-ში გაწევრიანებას ბოლო მნიშვნელოვანი პოლიტიკური დაბრკოლება მოეხსნა და იმავე წლის 16 დეკემბერს WTO-ს მინისტრთა კონფერენციამ რუსეთის გაწევრიანება ოფიციალურად დაამტკიცა.
შეგახსენებთ, სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან რუსეთის WTO-ში გაწევრიანებისთვის გზის გახსნა 2008 წლის ომიდან სულ რაღაც სამი წლის შემდეგ ხდება. სამი წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი აწარმოა, ჩვენი ტერიტორიები დაიკავა, ჩვენი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ, ათასობით ადამიანი დევნილად იქცა და სამი წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ხელს აწერს შეთანხმებას, რომელიც რუსეთისთვის WTO-ში შესვლის გზას ხსნის.
ადგილობრივი აგენტურისთვის, ალბათ, სასიხარულოდ მისაღები იყო ეს გადაწყვეტილებაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცოტა ხნით ადრე უყურებდნენ, როგორ მიირთმევდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბურგერს რუსეთის პრეზიდენტთან ერთად და როგორ აცხადებდა თეთრი სახლი ოფიციალურად, რომ „Reset with Russia Continues “. სიგნალი იმდენად ნათელი იყო, რომ, ალბათ, დავალების სიტყვიერად გაცემაც აღარ იყო საჭირო.
მოკლედ, არაფერი ეროვნული და არაფერი სახელმწიფოებრივი – თუ უსამშობლო აგენტურას გლობალური პატრონების წითელ ხალიჩაზე სიარული სურდა, მაშინ გლობალურ კონიუნქტურასაც ფეხდაფეხ უნდა მიჰყოლოდა. გუშინდელი მტერი მისაღები პარტნიორი უნდა გამხდარიყო მაშინ, როცა ამას ახალი პოლიტიკური რეალობა მოითხოვდა, ხოლო ეროვნული ინტერესი იმდენად უნდა გადაეწიათ გვერდზე, რამდენადაც ამას გარედან შეცვლილი დღის წესრიგი უკარნახებდათ.
საუბედუროდ, 2003-2012 წლებში ხელისუფლებაში, შემდეგ კი უკვე ვითომ ოპოზიციის სახით, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედებდა ძალა, რომლის პოლიტიკაც საერთოდ არ ასახავდა ქართველი ხალხის ინტერესებს და საოცარი სიზუსტით ერგებოდა გარედან შეცვლილ პოლიტიკურ კონიუნქტურასა და გარედან წამოსულ დავალებებს.
ეს სავალალო დამოკიდებულება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების მაგალითზეც ძალიან კარგად გვაჩვენებს, როგორ ეწირება გარედან მართული უსამშობლო აგენტურის ხელში ქვეყნის ეროვნული ინტერესები და როგორი დამანგრეველი შედეგები შეიძლება მოჰყვეს სახელმწიფოსთვის სხვათა ფეხის ბაკუნზე აყოლას.
არაფერი საწინააღმდეგო იმაში არ არის, რომ მაშინ დასავლეთმა რუსეთთან „გადატვირთვა“ დააანონსა, თუმცა შენი ქვეყნისთვის უმძიმესი ომიდან მალევე, შენი გაცხოველებული ანტირუსული რიტორიკიდან მყისიერად რუსი ტურისტი რომ სასურველი გახდება, რუსი ბიზნესმენი და ინვესტორი მისაღები, სავიზო რეჟიმი კი გასაუქმებელი და რუსეთის WTO-ში გაწევრიანებისთვის ხელის მოწერაც შესაძლებელი, კარგად ააშკარავებს შენს ამორალურობასა და უსამშობლობას. მით უფრო მაშინ, როდესაც ამ ყველაფრის სანაცვლოდ შენს ქვეყანას არც ოკუპაციის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი მიუღია, არც ტერიტორიები დაუბრუნებია და არც რაიმე ისეთი ხელშესახები პოლიტიკური სარგებელი მიუღია, რომელიც ეროვნული ინტერესის დათმობას გაამართლებდა.
ყველაზე მძიმე ამ რეალობაში კი სწორედ ამ პოლიტიკური თამაშების ფასია, რაც საქართველომ საკუთარი ტერიტორიებით, საკუთარი ეროვნული ინტერესებით და, რაც მთავარია, ჩვენი გმირი ბიჭების სიცოცხლით გადაიხადა.“- წერს წილოსანი.
