საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებმა საპატიმროები წუხელვე დატოვეს. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა შეიწყალა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი, რომელმაც შეწყალების თხოვნით მიხეილ ყაველაშვილს 8 მაისს მიმართა. შეწყალებულთა შორისაა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული საბა ჯიქია. ასევე გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ადგილზე 112-ის დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, შეწყალებულია აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი. ასევე, ახლობლების ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა სიმონ მახარაძე და თორნიკე მჭედლიშვილიც, რომლებიც 4 ოქტომბრის საქმეზე იყვნენ დაკავებული.
