ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომლის რუსოფობიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ ლარსზე გამართულ ბრიფინგს ეხებოდა.
„ჩვენ ორმაგ სტანდარტებზე ვისაუბრეთ, ამას საგანგებო ბრიფინგიც მივუძღვენით. მათ ჰქონდათ განსხვავებული დამოკიდებულება 2008 წლის შემდეგ, უშუალოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მოხდა ომი, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 30 000-ზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა. მაშინ არ ჰქონდათ მათ ხისტი პოზიცია რუსეთთან და რუსებთან მიმართებით. ახლა ავლენენ ხისტ პოზიციას და კონკრეტულად რუსოფობიულ პოზიციას. ღიად აცხადებენ ამასთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ როდესაც ჩვენი პოზიციით გამოვედით რუსოფობიასთან დაკავშირებით, პირველ ეტაპზე თავის მართლება დაიწყეს და აცხადებდნენ, რომ არ იყვნენ რუსოფობები, თუმცა შემდეგ შემოატრიალეს რამდენიმე დღეში ეს მესიჯი,მიიღეს ახალი დავალება და ღიად გამოაცხადეს საკუთარი თავი რუსოფობებად, რაც მათ სახეს აჩვენებს. ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
