ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა ბათუმში გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 1 შემთხვევა განიხილეს და მასთან დაკავშირებული 2 კლინიკისა და 5 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხებზე იმსჯელეს. მიღებული გადაწყვეტილებით, ორივე კლინიკასა და ხუთივე ექიმს მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება.
ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ სხდომაზე ახალი კონცეფცია წარადგინა, რომლის მიზანიც პროფესიული საბჭოს კიდევ უფრო ეფექტურად მუშაობაა. დოკუმენტი მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით ცვლილებებს, რომლებზეც საბჭოს წევრები იმუშავებენ და სამუშაო პროცესში დანერგავენ.
პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.
პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანდაცვის მინისტრი, ასევე – პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები. საბჭო გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებს.
