გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ქვეყნის მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) აკრძალვის მოწოდებით გამოვიდა. ინფორმაციას The Teleraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა გერმანიის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელი პარტიის საქმიანობაში ერევა.
პისტორიუსი ფიქრობს, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გარკვეული ნაწილის „აკრძალვის პროცედურა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს“.
როგორც გამოცემა იუწყება, მან აღნიშნული განცხადება აღმოსავლეთ გერმანიის, საქსონია-ანჰალტის მიწაზე დაგეგმილ მნიშვნელოვან არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გაკეთდა. წინასაარჩევნო პროგნოზებით, AfD-ს არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვების შანსი აქვს.
პისტორიუსი, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევებში გერმანიის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად რეგულარულად სახელდება, აცხადებს, რომ ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის დიდ ნაწილში AfD-ის ფრთა „ფოლკიშურ“ („ხალხურ“) იდეოლოგიას იზიარებს და ისეთ ღირებულებებს ემხრობა, რომლებიც გერმანიის კონსტიტუციასთან შეუთავსებელია.
ტერმინი „ფოლკიში“ („völkisch“) მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაცისტურ იდეოლოგიასთან. ნაცისტურ ეპოქაში ეს ტერმინი გამოიყენებოდა ეთნიკურად განსაზღვრული გერმანელი ერის იდეის გასავრცელებლად და ებრაელებისა და სხვა უმცირესობების დევნის გასამართლებლად, წერს გამოცემა.
„Frankfurter Allgemeine“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში პისტორიუსი წერს, რომ AfD-ის „ფოლკიშურ“ ფრთას სურს, გერმანიის მოქალაქეები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, „გააძევოს“, რათა შექმნას „ეთნიკურად და კულტურულად ერთგვაროვანი გერმანია“.
