აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოსკოვსა და კიევში ვიზიტები შინაარსობრივი იყო, რამაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების იმედი გააჩინა.
„ვფიქრობ, ეს იყო შინაარსიანი მოლაპარაკებები. არ მინდა, მათ კარგი ან ცუდი, პროდუქტიული ან არაპროდუქტიული ვუწოდო, უბრალოდ, ისინი შინაარსიანი იყო. ახალი იდეები განიხილეს. ეს ძალიან რთული კონფლიქტია და სწორედ ამიტომ ვხედავთ, რომ უკვე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არც ერთ მხარეს არ გამოუჩენია მნიშვნელოვანი მზადყოფნა კომპრომისებისთვის. ამ დრომდე ორივე მხარეს მკაფიოდ განსაზღვრული, ძალიან მკაცრი წითელი ხაზები აქვს“, – განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.
აშშ-ის პირველმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ გამართული მოლაპარაკებების საფუძველზე სამშვიდობო დღის წესრიგის წინ წამოწევა შესაძლებელი გახდება. მან აგრეთვე დასძინა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით არ სურს იყოს ზედმეტად ოპტიმისტური ან პესიმისტური.
„იმედი გვაქვს, რომ ამის საფუძველზე შევძლებთ წინსვლის გზის ჩამოყალიბებას და მოლაპარაკებების განახლებას. შეერთებული შტატები ყოველთვის მზად იყო, ამ პროცესში მედიატორის როლი შეესრულებინა. არ მინდა, ზედმეტად ოპტიმისტურად ვიყო განწყობილი, თუმცა არც პესიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვფიქრობ, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში არსებობს შესაძლებლობა, შევიმუშაოთ წინსვლის სამოქმედო გეგმა, განვაახლოთ მოლაპარაკებები და, შესაძლოა, მივაღწიოთ ისეთ დასკვნით შეთანხმებას, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. რადგან კონფლიქტის დასასრულებლად სწორედ ეს არის საჭირო, ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს“, – თქვა რუბიომ.
მისი განმარტებით, აშშ ადრე არ აქტიურობდა, რადგან კონფლიქტის დარეგულირების ახალ გზებს ვერ ხედავდა, თუმცა ახლა შინაარსიანი იდეები გამოჩნდა.
„ამ უქმეებს ასე დავახასიათებდი: ის პროდუქტიული იყო იმ თვალსაზრისით, რომ რამდენიმეთვიანი უმოქმედობის შემდეგ მხარეებს შორის კონტაქტი განახლდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან ამ პროცესში აქტიურად არ ვიყავით ჩართული, რადგან ვერ ვხედავდით, რომ ის წინ მიიწევდა. ამჯერად კი მოლაპარაკებების მაგიდაზე შინაარსიანი იდეები დაიდო და, როგორც ჩანს, პირველად გაჩნდა გარკვეული ზოგადი მზაობა მათ განსახილველად. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. არ მინდა, ამ მოლაპარაკებების მნიშვნელობა გადაჭარბებულად წარმოვაჩინო“, – აღნიშნა მან.
