რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დაცვის თანამშრომლის დაკავების შესახებ განაცხადა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ღალატის მუხლით აღძრეს.
უწყების მტკიცებით, დაკავებული საელჩოს თანამშრომლების, მათ შორის მათი მისამართებისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა. ასევე, ის დიპლომატიური წარმომადგენლობის უსაფრთხოების სისტემას სწავლობდა.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მამაკაცი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინტერესებით მოქმედებდა და დავალებებს უკრაინელი ბლოგერის, დიმიტრი კარპენკოსგან, მეტსახელად „აპოსტოლისგან“, იღებდა.
რუსული მხარის მტკიცებით, ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლის მიერ მოპოვებული ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის ელჩისა და სხვა დიპლომატების წინააღმდეგ დივერსიებისა და ტერაქტების მოსამზადებლად უნდა გამოეყენებინათ, ხოლო პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრებოდა.
ცნობისთვის, გუშინ ლონდონის პოლიციამ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჯოშუა კემიჯი დააკავა. მას ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის დარღვევას და რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობას ედავებიან.
