თბილისში გამთენიისას მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს და ადგილიდან მიიმალა.მიყენებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს” – ნათქვამია ინფორმაციაში.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლული დათო ნარიმანიძეა:
ირკვევა, რომ მოკლულიც და დაკავებულებიც 17 წლისები არიან. მომხდარს წინ ჩხუბი უძღოდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, დაპირისპირებაში რამდენიმე მოზარდი მონაწილეობდა.
“პატარა ბიჭები ყოფილან, უჩხუბიათ. პატრულმა გაიარა, დაუსიგნალა, უთხრეს ბავშვებმა, მშვიდობააო და მათაც გაიარეს. ცოტა ხანში ყველა გარბოდა. თურმე ბავშვს ყელი გამოჭრეს და გაიქცნენ. ეტყობა მშობლები ეძებდნენ, სახლში რომ არ მივიდა და იპოვეს გამთენიისას გარდაცვლილი. მამა ყოფილა ადგილზე, ტიროდა ხმამაღლა. არავინ გამოიძახა პოლიცია, ერთი ამბავი რომ ატყდა, ჩხუბი რომ იყო, მთელ უბანს ესმოდა და როგორ არავინ დარეკა პოლიციაში, ხომ გადარჩებოდა. ორივე, მოკლულიც და ბრალდებულიც ადგილობრივია, ერთი ლოტკინელი, მეორე ხუდადოვზე ცხოვრობს” – ამბობს ადგილობრივი “ტვ პირველთან” საუბრისას.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
