„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ბიძინა გიორგობიანი „დღის ქრონიკაში“ საქსონია-ანჰალტის არჩევნებში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წარმატებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს შედეგი უახლოეს დღეებში გერმანულ პოლიტიკას სრულად ვერ შეცვლის, თუმცა სერიოზული იმპულსი გახდება შიდაპოლიტიკური გარდაქმნებისა და მთლიანად ევროპისთვის.
„რა თქმა უნდა, ეს არ გამოიწვევს 2 დღესა ან 2 კვირაში მთლიანად გერმანული პოლიტიკის შეცვლას, მაგრამ ეს იქნება ძალიან ძლიერი ბიძგი, როგორც გერმანიის შიგნით პოლიტიკური ცვლილებებისთვის, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებისთვის. მოახლოებულია არჩევნები საფრანგეთში, გერმანიის ორ მიწაზე“, – აღნიშნავს გიორგობიანი.
გიორგობიანის თქმით, გერმანიის მოქმედი ხელისუფლება ბრიუსელის ბიუროკრატიული ცენტრის იდეოლოგიას ჰყვება, თუმცა ქვეყანაში სრულიად განსხვავებული რეალობაა შექმნილი. მან ყურადღება გამახვილა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის აფეთქებასა და მის შედეგებზე, რამაც, მისი განცხადებით, გერმანიის ეკონომიკური რეცესია გამოიწვია.
„ერთის მხრივ, არის ვირტუალურ ღირებულებებზე დამყარებული ხელისუფლებისა და კანცლერ მერცის ვირტუალური რიტორიკა, მეორეს მხრივ კი რეალობასთან ახლოს მდგომი „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც ხალხს პირდაპირ ელაპარაკება. საზოგადოებამ დაინახა არასისტემური პარტია, რომელიც მზადაა შეცვალოს მიდგომები ომთან, ეკონომიკასთან, სოციალურ საკითხებსა და მიგრაციის არნახულ ტალღასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგობიანმა.
