მთავრობამ უკვე დაიწყო საბიუჯეტო ხარჯების შეზღუდვა დაფინანსების პრობლემების გამო და არ გამორიცხავს საჯარო სექტორში ხელფასების გაცემის შეფერხებას. ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ პარტლამენტის საფინანსო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ სიტუაცია არ შეიცვლება – ანუ დეპუტატები არ მიიღებენ კანონპროექტებს, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნას წარმოადგენს, კერძოდ, 150 ევრომდე ღირებულების ამანათების დაბეგვრის შესახებ – ხელფასების შეფერხება შესაძლოა რეალობად იქცეს.
„ჩვენ უკვე ამოვწურეთ კომუნიკაციის ყველა ვერბალური გზა, ამიტომ იძულებულნი ვართ მივმართოთ ხარჯების შეზღუდვის ზომებს“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრომ წლის ბოლოსთვის უკვე გადადო ყველა ის ხარჯი, რომელიც არ წარმოადგენს პრიორიტეტს და არ ეხება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორს ან სოციალურ სფეროს.
მან დასძინა, რომ მთავრობა ვარაუდობს, არ დაუშვას ხელფასების გაცემის შეფერხება, რადგან ამას სერიოზული ფინანსური და სოციალური შედეგები მოჰყვება.
„ვიმედოვნებ, რომ საქმე ხელფასების შეფერხებამდე არ მივა, რადგან ეს უკვე ნამდვილი ფინანსური კატასტროფა იქნება, რომლის ახსნაც რთული გახდება“, – განაცხადა მინისტრმა.
