„აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სულ მოკლე პერიოდში შეიძლება საკმაოდ არასასიამოვნო რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ“, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს სატრანსპორტო-ლოჯისტიკური მნიშვნელობა იზრდება.
მისი თქმით, ამ დინამიკის პარალელურად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, შესაძლოა გაუჩნდეთ კითხვა, რატომ რჩებიან ისინი იმ ეკონომიკური პროცესების მიღმა, რომლებიც მათგან რამდენიმე კილომეტრში ვითარდება.
„საინტერესო შეხვედრა შედგა გუშინწინ ცხინვალში, ადგილობრივ მოსახლეობასა და ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან. როგორც ჩანს, იქაც აქვთ ინტერნეტი და ალბათ, უკვე შეუძლებელია აშკარა რეალობის დამალვა: მაშინ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო თანდათან იმ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება, რომელიც ცენტრალურ აზიას, კავკასიასა და ევროპას აკავშირებს. ამ დინამიკის პარალელურად კი არსებობს ტერიტორიები, რომლებიც წლების განმავლობაში ნორმალური ეკონომიკური განვითარების პროცესიდან პრაქტიკულად გამორთული რჩებოდნენ.
აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სულ მოკლე პერიოდში შეიძლება საკმაოდ არასასიამოვნო რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ: ძირითადი ინვესტიციები, სატრანსპორტო ნაკადები, ახალი სამუშაო ადგილები და ინფრასტრუქტურული პროექტები მათ გვერდს აუვლის, და მაშინ მომავლის საკითხი უკვე პოლიტიკური აბსტრაქცია კი აღარ იქნება, არამედ სრულიად ყოფითი კითხვა გაჩნდება, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის: რატომ ხდება ეკონომიკური დღესასწაული ფაქტობრივად ჩვენგან სულ რამდენიმე კილომეტრში, ჩვენ კი მის მიღმა ვრჩებით?
საგულისხმოა, რომ სწორედ ეს საკითხი სულ უფრო ხშირად თავად კონფლიქტის რეგიონებში ჩნდება და არა თბილისში. 12 სექტემბერს, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ მარატ კამბოლოვის შეხვედრაზე, მოსახლეობამ თავად დაუსვა მას მათი ტერიტორიის გავლით ტრანზიტის შესაძლებლობის საკითხი. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი დეტალია: ეს ინიციატივა არანაირად არ ეკუთვნის საქართველოს ხელისუფლებას, თბილისს მსგავსი განცხადება არასდროს გაუკეთებია და ამის შესახებ არც რაიმე შეთანხმება არ არსებობს.
ეს კითხვა იმ ადამიანებისგან გაჩნდა, ვისაც წვდომა აქვს ინტერნეტთან, ვინც ხვდება, რომ მოსკოვის მეწველ ძროხას ხვალ მათთვის შეიძლება რძე შეუწყდეს, და რომლებიც საკუთარი სატრანსპორტო და ეკონომიკური იზოლაციის ფასს სულ უფრო მეტად აცნობიერებენ. კიდევ უფრო საყურადღებო კი მარატ კამბოლოვის პასუხი აღმოჩნდა. ჩვეული კატეგორიული „არა“, „ეს შეუძლებელია“, ან „არასოდეს“ არ გაჟღერებულა. სანაცვლოდ ითქვა, რომ „ჩვენ ჯერ ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ ვართ“, ასევე ითქვა, აუცილებელი სამართლებრივი და ნორმატიული ბაზის არ არსებობაზე.
პოლიტიკური თვალსაზრისით ეს შეიძლება უმნიშვნელო დეტალად ჩანდეს. ისტორიული თვალსაზრისით კი, შესაძლოა, პირიქით. იმიტომ, რომ მსგავსი საკითხები უკვე აფხაზეთთან მიმართებითაც არაერთხელ გაჩენილა, მათ შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ყოველ ჯერზე ლოგიკა დაახლოებით ერთია: სანამ პოლიტიკა იზოლაციას მოითხოვს, ეკონომიკა იმ პერსპექტივებს აჩენს, რომლებსაც ჩვენ უიმედოდ მოწყვეტილები ვართ. შეიძლება ადამიანებს ათწლეულების განმავლობაში არწმუნებდე კონკრეტული მიმართულების უპირატესობაში, მაგრამ შეუძლებელია გააუქმო ის ფაქტი, რომ რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარეობს მსოფლიოში შენი იურიდიულად აღიარებული მიწა-წყალი, რომლის განუყოფელი ნაწილი შენც ხარ, და რომლის გავლითაც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სულ უფრო მნიშვნელოვანი ნაკადები გადის და მომავალშიც შეიძლება გავიდეს.
თუ საქართველო საბოლოოდ დაიმკვიდრებს თავს როგორც უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო-ლოჯისტიკური რგოლი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არჩევანის წინაშე აღმოჩნდებიან, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო მკაცრი გახდება: ან უნდა ეცადონ, იპოვონ გზა მიმდებარე ეკონომიკურ სისტემაში ჩასართავად, ან გვერდიდან უნდა უყურონ მის განვითარებას. და ამ დროს, ცხინვალში გაჟღერებულ შეკითხვას ადგილობრივი მოსახლეობის სულ უფრო დიდი კონტინგენტი დასვამს, განსაკუთრებით, განვითარების ყოველგვარ პერსპექტივებს მოკლებული ახალგაზრდობა.
სწორედ ამიტომ შეიძლება ფრთხილი პასუხი, „ჯერ ფსიქოლოგიურად მზად არ ვართ“, გაცილებით მნიშვნელოვანი სიგნალი აღმოჩნდეს, ვიდრე მორიგი პოლიტიკური განცხადება თბილისთან ნებისმიერი სახის ურთიერთქმედების შეუძლებლობის შესახებ. ეს ჯერ არ ნიშნავს პოზიციის შეცვლას, მოლაპარაკებების დაწყებას და მით უმეტეს, პოლიტიკურ ინტეგრაციაზე მზადყოფნას. მაგრამ ეს უკვე პრობლემის არსებობის აღიარებაა. დღეს ამ პრობლემას კამბოლოვთან შეხვედრაზე მოსახლეობა აყალიბებს. ხვალ ანალოგიური კითხვები შესაძლოა აფხაზეთის მოსახლეობამ დასვას. შემდეგ კი ეს საკითხი შეიძლება საერთოდ აღარ იყოს მხოლოდ პოლიტიკის საკითხი: რა ბედი ელის ეკონომიკას, სამუშაო ადგილებსა და ბავშვების მომავალს, თუ კავკასიის ახალი ინფრასტრუქტურული რუკა საქართველოს გარშემო ჩამოყალიბდება, ეს ტერიტორიები კი მის მიღმა დარჩებიან?“ – წერს დავით ქართველიშვილი.
