უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (НАБУ) ხელმძღვანელს ეჭვმიტანილის სტატუსი მიანიჭა. რუსლან კრავჩენკომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორს, სემიონ კრივონოსს, „განსაკუთრებით დიდი ოდენობით არამართლზომიერი სარგებლის მიღების მიზნით“ ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებაში დასდო ბრალი. გენპროკურორის კიდევ ერთი ბრალდება ეხება სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (САП) ხელმძღვანელთან დაახლოებულ პირს. მიზეზი კი უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს მოსამართლეებზე ზეგავლენა და მობილიზაციისგან თავის არიდებაში ხელშეწყობაა.
კრავჩენკოს თქმით, სწორედ ეს ბრალდებები გახდა „ტრიგერი და ჭეშმარიტი მიზეზი ანტიკორუფციული ორგანოების მიერ გენპროკურორის ოფიზზე ღამის შტურმისა“ ოპერაცია „კართაგენის“ ფარგლებში, რის შესახებაც НАБУ-მ და САП-მა 4 სექტემბერს გამოაცხადეს.
„აქამდე ამ გადაწყვეტილებების მიღებისგან პოლიტიკურად პრეზიდენტი მაკავებდა, მაკავებდნენ თვითონ ანტიკორუფციონერებიც, რომლებიც ხელშეუხებლობის გარანტიებს მთავაზობდნენ ეჭვის წაყენებაზე უარის თქმის სანაცვლოდ“, – აღნიშნა კრავჩენკომ თავის ვიდეომიმართვაში და НАБУ-სა და САП-ის ხელმძღვანელებს გადადგომისკენ მოუწოდა.
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კრავჩენკოს ბრალდებებზე მკვეთრი რეაქცია ჰქონდა. „ამ გენერალურ პროკურორს მხოლოდ ერთი გზა აქვს: თანამდებობიდან გათავისუფლება. სწორედ ეს ვუთხარი მას. უკრაინამ დაინახა ყველა მიზეზი. თუ ის ამას პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს, დაე, ასე უწოდოს. ვთხოვ პარლამენტარებს, დაუყოვნებლივ დაუჭირონ მხარი ამ გათავისუფლებას“, – დაწერა ზელენსკიმ Telegram-ში.
მანამდე НАБУ-მ და САП-მა უკრაინის გენპროკურორის ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს. გამოძიების ვერსიით, უწყების ერთ-ერთმა თანამშრომელმა შექმნა და სათავეში ჩაუდგა დანაშაულებრივ ორგანიზაციას, რომელიც თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობასა და ქონების ლეგალიზაციაში მონაწილეობდა. НАБУ-მ ხუთი მონაწილის მხილების შესახებ განაცხადა, უშუალოდ კრავჩენკოს ბრალდება არ შეხებია. თავდაპირველად მან თქვა, რომ გადადგომას არ აპირებდა, თუმცა 8 სექტემბერს შესაბამისი განცხადება მაინც დაწერა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კრავჩენკომ ქვეყანა დატოვა.
