ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს, გასულ წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 მილიარდ 845 მილიონი დოლარი შეადგინა. წელსაც გრძელდება აღმავალი დინამიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ფერმერის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, ექსპორტი უკვე 14%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს.
„ფერმერთა მხარდასაჭერად და ქართული სოფლის გასაძლიერებლად არაერთი სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. ჩვენი ფერმერების შრომასა და პროფესიონალიზმთან ერთად, თანმიმდევრულ პოლიტიკას უდიდესი წვლილი მიუძღვის სოფლის მეურნეობის მუდმივ და თანმიმდევრულ გაძლიერებაში. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს. გასულ წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 მილიარდ 845 მილიონი დოლარი შეადგინა. წელსაც გრძელდება აღმავალი დინამიკა და თუ ავიღებთ 7 თვის მონაცემებს, ექსპორტი უკვე 14%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. მთლიანობაში დღეს ამ სექტორზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის თითქმის მეოთხედი, 24% მოდის.
მიღწეული შედეგების კიდევ უფრო გასამყარებლად, ადგილობრივი წარმოების ზრდის, იმპორტის ჩანაცვლებისა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერების მიზნით, წელს ავამოქმედეთ ერთიანი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ და ფერმერთა რეესტრი“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ სფეროთი სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ახალგაზრდები.
„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ სფეროთი სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ახალგაზრდები, ასევე იზრდება ქალი ფერმერების რაოდენობა და ამ ყველაფერს ახალი ენერგია შემოაქვს სოფლის მეურნეობაში. ახალგაზრდებს შემოაქვთ ახალი ცოდნა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ის ენერგია, რომელიც სჭირდება ქართული სოფლის მეურნეობის მუდმივ გაძლიერებას და განვითარებას. კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა თითოეულ ფერმერს. სწორედ თქვენი დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ ქართული მიწა ჩვენი ქვეყნის რეალურ ეკონომიკურ ძალად და განვითარების მყარ საფუძვლად იქცა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ფერმერის დღეს და თითოეულ თქვენგანს გისურვებთ წარმატებებს“, – განაცხადა პრემიერმა.
