ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის, ბარამიძის და ასე შემდეგ, განცხადება ანტიაფხაზური კი არა, პირველ რიგში, ანტიქართულია და სრულიად იდიოტური. ამ ქვეყანაში ვინმეს თუ აქვს მიზანი და სურვილი, საბოლოოდ მოხდეს აფხაზებისა და ქართველების შერიგება, ვიცხოვროთ ყველამ ერთად, მშვიდობიან სახელმწიფოში, მსგავსი პროვოკაციული, იდიოტური განცხადებები არ უნდა გააკეთოს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი ჭანტურიამ განაცხადა.
ჭანტურიას კითხვა დაუსვეს პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „აფხაზებს არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები, ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არსად მომხდარა“.
გიორგი ჭანტურიას თქმით, ნიკა გვარამიას ყურადღება მოაკლდა, რადგან, როგორც ე.წ. ოპოზიციონერმა ლიდერმა, ვერაფერი შეძლო და ყველამ დაინახა, რა პოლიტიკურ თამაშებს თამაშობს.
ჭანტურიას შეფასებით, მსგავსი განცხადებები ეხმარება „ქართულ ოცნებას“.
„დარწმუნებული ვარ, ნიკა გვარამიას ყურადღება მოაკლდა, რადგან, როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და ე.წ. ლიდერმა, ვერაფერი შეძლო. ყველამ დაინახა, ვისზეა მიყიდული და პოლიტიკურ თამაშებს თამაშობს ოპოზიციურ ველზე. შესაბამისად, ნიკა გვარამიას ეს გამოხდომები, როგორც ჩანს, კამპანიურია და გაგრძელდება. ამ ადამიანმა საკუთარი თავი ოპოზიციურ ველზე იპოვა ორი რამით, როგორ მიეხმაროს „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში და მეორე, ასეთი იდიოტური განცხადებები აკეთოს. ძალიან კარგად იცის, რომ ქვეყანაში გვაქვს შერიგების პოლიტიკა, აფხაზების და ქართველების მომავალი დგას ამ შერიგებაზე, მსგავსი განცხადებები აზიანებს ქვეყნის ინტერესებს.
ზოგადად, ამ ადამიანებს ვურჩევდი, ნაკლები სისულელე ილაპარაკონ. ნიკა გვარამია ვინც არის და რაც არის, საკუთარმა ამომრჩეველმაც კარგად იცის. ჯერ ბატონმა ბარამიძემ წარმოთქვა ის სასწაული ფრაზა, შემდეგ გვარამიამ. გვეგონა, სპონტანურად რაღაც სისულელეები ილაპარაკეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ადამიანებს დაგეგმილი აქვთ კამპანია, რომ ყურადღების ცენტრში მოხვდნენ“, – აღნიშნა გიორგი ჭანტურიამ.
