გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის მიღებას უმასპინძლა, რომელიც 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს კანდიდატურას მიეძღვნა. ვიცე-პრემიერმა სტუმრებს სიტყვითაც მიმართა.
„დიდი პატივია პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის, რომ ამ საღამოს გიმასპინძლოთ. მოგეხსენებათ, საქართველომ განაცხადი შეიტანა 2027 წლისთვის ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე და ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი.
ჩვენ არ გვჭირდება თქვენთვის იმის შეხსენება, რომ ევროპის უსაფრთხოება დიდი ზეწოლის ქვეშ არის და კომუნიკაცია და თანამშრომლობა დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. საქართველოს აქვს ამ ორგანიზაციასთან მუშაობის გამოცდილება. ჩვენ გვესმის სუვერენიტეტის მნიშვნელობა, რაც მნიშვნელოვანია ეუთო-ს თითოეული წევრი ქვეყნისთვის.
ჩვენ ასევე გვესმის, რომ დიალოგი, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრა, საერთაშორისო ნორმებისა და სამართლის პატივისცემა, ვალდებულებების შესრულება არის ჩვენი უსაფრთხოების საფუძველი. ეს პრინციპები მნიშვნელოვანია ყველა წევრი სახელმწიფოსთვის. ჩვენ ასევე გვესმის, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად გზების ძებნა მოითხოვს მიზანდასახულობას, მოთმინებასა და პოლიტიკურ გამბედაობას.
საქართველო დაინტერესებულია, გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა 2027 წელს და მზადაა, ითანამშრომლოს ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოსთან“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
