The Washington Post-ის ცნობით, წლების განმავლობაში უკრაინაში მოქმედი უზარმაზარი, თუმცა უკანონო პორნოინდუსტრია ჩრდილში არსებობდა. სამართალდამცველები, როგორც წესი, ამ სფეროს ყურადღებას არ აქცევდნენ, თუმცა ცალკეული მაღალჩინოსნები კანონის გვერდის ავლაში შემჩნეული ადამიანებისგან ქრთამის გამოძალვის მიზნით საკუთარ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდნენ.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის შემდეგ, უკრაინის საგადასახადო სამსახურმა აღმოაჩინა, რომ მხოლოდ 2023 წელს ქვეყანაში მოქმედმა OnlyFans-ის თითქმის 8 000-მა მომხმარებელმა 131 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
ახლა, როდესაც უკრაინა უზარმაზარი სამხედრო ხარჯებისა და 27 მილიარდი დოლარის ოდენობის საბიუჯეტო დეფიციტის წინაშე დგას, დეპუტატები პორნოგრაფიის დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოდიან. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში თან სდევდა ქალების სექსმუშაკებად ექსპლუატაციისა და სხვა ქვეყნებში მათი გაგზავნის შესახებ რეპუტაცია, წერს გამოცემა.
პორნოგრაფიის ლეგალიზაციის შედეგად უკრაინის ბიუჯეტში დაახლოებით 25 მილიონი დოლარის დამატებითი საგადასახადო შემოსავლის მიღებაა მოსალოდნელი. უკრაინის პარლამენტში კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, იაროსლავ ჟელეზნიაკმა განაცხადა, რომ ეს თანხა ომისთვის 30 000 დრონის შესაძენად იქნებოდა საკმარისი.
„ჰკითხეთ საკუთარ თავს… ვინ სარგებლობს ამით?“, – განაცხადა ჟელეზნიაკმა ივლისში კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას. მისი თქმით, ამჟამად შემოსავლებით „სამწუხაროდ, უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტი არ სარგებლობს“.
„ჩვენ ამ ფულს ვერ ვიყენებთ დაფინანსების გასაზრდელად ან ჩვენი დამცველებისთვის ხელფასების მოსამატებლად. მთელი ეს თანხა ჩრდილოვან ეკონომიკაში რჩება“, – აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, უკრაინული საზოგადოება უკვე საკმარისად მომწიფებულია იმისთვის, რომ აღიაროს, „სექსი არსებობს“.
თუმცა, როგორც გამოცემა იუწყება, ზრდასრული ადამიანებისთვის განკუთვნილი კონტენტის შემქმნელების საქმიანობიდან სახელმწიფო შემოსავლების მიღების იდეა უკრაინაში საკამათოა. ქვეყანაში ქალთა საპროტესტო მოძრაობა Femen-ი სწორედ სექსუალური ექსპლუატაციისა და პატრიარქალური ავტორიტარიზმის წინააღმდეგ გამართული აქციებით გახდა მსოფლიოში ცნობილი.
კანონპროექტის კრიტიკოსები შიშობენ, რომ მისი მიღება საზოგადოებრივ მორალს დააზიანებს და ადამიანებით ვაჭრობისა და ბავშვებზე სექსუალური ძალადობის რისკებს გაზრდის.
უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ პარლამენტში კანონპროექტი გააკრიტიკა. მისი თქმით, აუცილებელია ბავშვებზე ძალადობის რისკების გათვალისწინება და არსებობს საფრთხე, რომ კანონის მიღების შემთხვევაში უკრაინა „პორნოგრაფიულ ჰაბად“ იქცეს.
ამასთან, უკრაინის ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების სრულიად უკრაინულმა საბჭომ კანონპროექტის უკან გაწვევა მოითხოვა. საბჭოს განცხადებით, ინიციატივა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის უკრაინული საზოგადოების მორალსა და ჯანმრთელობას.
The Washington Post-ის ინფორმაციით, პორნოგრაფიის დეკრიმინალიზაციის კამპანია მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უკრაინის მთავრობამ ამ სფეროში მიღებული შემოსავლების დაბეგვრაზე დაიწყო ყურადღების გამახვილება. პორნოგრაფიული კონტენტის შემქმნელებს მოულოდნელად მოუწიათ წარსულში მიღებული შემოსავლებისთვის გადასახადების გადახდა, თუმცა ამის გაკეთება, თავის მხრივ, შესაძლოა უკანონო პორნოგრაფიული საქმიანობის აღიარებას ნიშნავდეს.
შესაძლოა უკანონო პორნოგრაფიული საქმიანობის აღიარებას ნიშნავდეს.
OnlyFans-ის მილიონი გამომწერის მქონე სვეტლანა დვორნიკოვამ განაცხადა, რომ საგადასახადო სამსახურისგან წერილი მიიღო, რომელშიც გადასახადების გადახდას სთხოვდნენ. მან მოთხოვნა შეასრულა და წარსული პერიოდისთვის დაახლოებით 900 000 დოლარის გადასახადი გადაიხადა, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვობდა, ეს შესაძლოა ხაფანგი ყოფილიყო.
მისი ეჭვი გამართლდა. გასულ წელს პოლიციამ გაჩხრიკა როგორც მისი, ისე მისი ხანდაზმული მშობლების სახლი. სამართალდამცველები ეძებდნენ ტელეფონებს, ლეპტოპებს, ვიდეოაპარატურასა და ნებისმიერ სხვა ნივთს, რაც დვორნიკოვას უკანონო პორნოგრაფიულ წარმოებაში მონაწილეობას დაადასტურებდა.
დვორნიკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
„ეს გადასახადები თვალგახელილებმა გადავიხადეთ. ვეჭვობდით, რომ ყველაფერი შესაძლოა ცუდად დასრულებულიყო. მინდოდა, მხარი დამეჭირა ჩემი ქვეყნისთვის, მეტი ფული მიმეცა ომისა და ჩვენი ჯარისკაცებისთვის. ნამდვილად გვეგონა, რომ ამით რაღაცას შევიტანდით საერთო საქმეში“, – განაცხადა დვორნიკოვამ.
მისი შეფასებით, მხოლოდ მის მიერ გადახდილი გადასახადებით შესაძლებელი იყო 100 ახალი სამხედრო პიკაპის ან 2 000 დრონის შეძენა.
პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ დვორნიკოვამ პორნოგრაფიის ლეგალიზაციის მოთხოვნით პეტიცია შექმნა, რომელსაც უკვე 25 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. სწორედ ამ პეტიციას მოჰყვა კანონპროექტის მომზადება.
კანონპროექტმა პირველი მოსმენით 231 ხმით 8-ის წინააღმდეგ, სამი თავშეკავებით გაიარა და ახლა მეორე მოსმენას ელოდება.
