დიდი ხანია აქვთ მცდელობები, რომ სხვადასხვა სახით შეტევა მიიტანონ ბიძინა ივანიშვილზე, თუმცა, როდესაც საქმე ეხება ფინანსებს, ეს არის აბსოლუტურად შეუძლებელი ერთი მარტივი მიზეზის გამო – ისინი ცდილობენ, რომ ადამიანს, რომელსაც მრავალმილიარდიანი ქველმოქმედება აქვს გაწეული თავისი ცხოვრების მანძილზე, დააბრალონ გარკვეული სიკეთის სხვისგან მითვისება, რაც უბრალოდ შეუძლებელია, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სტუდია „მონიტორის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ასეთ სიუჟეტებს ვერანაირი წარმატება ვერ ექნება.
„მარტივი ლოგიკური წინააღმდეგობაა. ამის გამოა, რომ არცერთი ფაქტი, არცერთი ასეთი არგუმენტი არ არსებობს, თუმცა მაინც ახერხებენ სპეკულირებას. სინამდვილეში აქეთკენ არის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილი მიმართული – ეს არის ქველმოქმედება და ეს არის სიკეთის გაცემა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ასეთი სიუჟეტები გაკეთდეს უცხოური აგენტურის მხრიდან, მაგრამ ამ სიუჟეტებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატება, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის საფუძველს მთლიანად მოკლებული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„იმედის კვირა“ სტუდია „მონიტორის“ რეპორტაჟში მოთხრობილი ამბით დაინტერესდა და მაყურებელს მიაწოდა რეალური ინფორმაცია რეკრეაციულ ზონაზე, რომელიც ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიამ იყიდა ესტონელი ბიზნესმენისგან.
„მონიტორის“ რეპორტაჟს თავად ბიზნესმენი ვრცელი წერილით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მონიტორის“ მიერ მისთვის გაგზავნილი ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო: „იყო თუ არა ეს ნაკვეთი ივანიშვილების ოჯახის თხოვნით ან დავალებით შეძენილი?“ კითხვებზე ვანო ჩხარტიშვილმა „მონიტორს“ წერილობით უპასუხა და განმარტა, რომ „ნაკვეთი არ შეუძენია ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების თხოვნით და მათ აღნიშნულ გარიგებასთან კავშირი არ აქვთ.”
როგორც ვანო ჩხარტიშვილი სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადებულ რეპორტაჟთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს: „სამწუხაროდ, სიუჟეტის ავტორმა, როგორც ჩანს, მიზანმიმართულად დამალა მათი კითხვების პასუხად ჩემ მიერ გაგზავნილი წერილის მთავარი სათქმელი, სადაც დეტალურად განვმარტავდი, როგორც იმას, თუ რა მიზნით შევიძინე აღნიშნული ნაკვეთი, ასევე იმასაც, თუ როგორ განისაზღვრა ამ კონკრეტული მიწის ფასი. თუმცა ჟურნალისტმა ჩემი, ანუ რეალური წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია სრულად არ გაასაჯაროვა და მთელი სიუჟეტი კონსპირაციებზე ააგო”.
