ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. ვფიქრობ, რომ ქართველები ძალიან მეგობრულები არიან, პირველი შთაბეჭდილება ჩემზე თქვენმა ბუნებამ მოახდინა, დღეს დილით სარბენად რომ ვიყავი, ქალაქის ქუჩებმაც ძალიან მომხიბლა. მეგობრული დამოკიდებულება იგრძნობა ადამიანებში, ძალიან თბილი და კეთილგანწყობილი ხალხი ხართ, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ნასერ ალ ნუვაისმა.
ნუვაისის თქმით, საქართველოს ბევრი საინტერესო სფერო აქვს, კულტურა, ისტორია, შესანიშნავი ბუნება. სულ რომ ფანჯრიდან იყურო, არ მოგწყინდება, ისეთი სილამაზეა.
„მიმაჩნია, რომ საქართველო განსაკუთრებულია, რადგან თქვენ გაქვთ ულამაზესი ბუნება და ამავე დროს უმდიდრესი ისტორია, კულტურა. ეს კომბინაცია თქვენს უნიკალობას ქმნის. ეს არის განძი. სახელმწიფოთა უმრავლესობა ვერ დაიკვეხნის იმით, რაც თქვენ გაქვთ – ამ ყველაფერს კი აგვირგვინებს ქართველი ხალხი და საოცარი სტუმართმოყვარეობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა, ეს დიდი პატივი იყო. შევხვდი საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებსაც. განხილვის სამი ძირითადი თემა გვქონდა, პირველ რიგში, 2027 წელს ინოვაციების სამიტი დაიგეგმა, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს. ეს კიდევ ერთი დასტურია, თუ რა მნიშვნელოვანია საქართველო გაეროსთვის. ასევე შევთანხმდით, რომ 100 სტუდენტს დავაფინანსებთ ტურიზმის სფეროში. ეს წაადგება საქართველოში ტურიზმის სექტორის ზრდას. ვისაუბრეთ სხვადასხვა ტრენინგის ჩატარებაზეც, როგორც ტურისტული მიმართულებების, ასევე ციფრულ ინოვაციების კუთხით“, – აღნიშნა შაიხა ნასერ ალ ნუვაისმა.
